LIVE

მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს, 2032 წლისთვის

06 ივლ 202612:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 98
მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს, 2032 წლისთვის

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მასთან დაკავიშირებული ინფრასტრუქტურა სრულად თვითონ ააშენოს ყველაზე გავრცელებული ე.წ. Landlord მოდელით და ამისთვის ვადას 2032 წლამდე იღებს. 

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე პირველი საინვესტიციო ხელშეკრულება გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა, 10 წლის წინ, 2016 წელს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის მთავარი ინვესტორი მამუკა ხაზარაძესთან ერთად ამერიკული კონტი ჯგუფი იყო. ეს ხელშეკრულება მთავრობამ 2020 წელს გაწყვიტა ცალმხრივად, ანუ იმ წელს, როცა თავდაპირველი გეგმით პორტი უნდა ამოქმედებულიყო.

რა უნდა ყოფილიყო აქამდე: ანაკლიის პორტის პირველი ინვესტორი
 
საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ეძლეოდა ექსკლუზიური უფლება პორტის აშენებაზე და განვითარებაზე რაშიც 2.5 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯულიყო, ხოლო 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორია კონსორციუმს 52 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცემოდა. წინასამშენებლო სამუშაოების დასრულება და პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლიდან იგეგმებოდა, ნავსადგური 2020 წელს უნდა გახსნილიყო.
 
პირველი ფაზის ამუშავებისას ანაკლიის პორტს ექნებოდა 2-მისადგომიანი საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც მიიღებდა და გაატარებდა 700 000-დან 800 000 ტეუმდე კონტეინერს. პორტის სიღრმე და ინფრასტრუქტურა შესაძლებელს ხდიდა 10,000 კონტეინერიანი პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღებას, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული ვერც ერთი სხვა პორტი ვერ ემსახურება. პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 580 მილიონი დოლარი იყო.

2020 წელს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტას წინ უძღოდა მაშინდელ მთავრობასა და კონსორციუმის ინვესტორებს შორის ურთიერთობის დაძაბვა. მთავრობა კონსორციუმს ედავებოდა, რომ ის ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა, ხოლო კონსორციუმი მთავრობას ადანაშაულებდა მიზანმიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯებში, რამაც საბოლოოდ პროექტს ფინანსური პრობლემები შეუქმნა. 

2019 წელს მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ ისაუბრა ორი წლით ადრე, ბიძინა ივანიშვილთან საუბრის დეტალებზე.

„არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე 20 მილიონი ინვესტირებული გვაქვს პორტში, წინა განვითარების პროგრამაში. მიდის გეოლოგიური შესწავლა, უცხოელები არიან ჩამოსულები და ა.შ. სულ ვაყენებდი საქმის კურსში ბიძინა ივანიშვილს, შევხვდი მის რეზიდენციაში, საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ, მითხრა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. ასეთი რაღაც მითხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“ მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე, ვუთხარი, რომ ის კომპანია, SSA Marine ამ პროექტის მმართველი უნდა იყოს 25 წლის განმავლობაში. ვუთხარი, ყვითელი ზღვა იციან, წითელი ზღვა და შავი ზღვა რა პრობლემაა... და რომ მივხვდი, რომ იუმორზეც აღარ გვქონდა საუბარი“ ამბობდა მამუკა ხაზარაძე. 

მისივე თქმით, 2018 წლის გაზაფხულზე კი, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, კვლავ დაიბარეს ანაკლიაზე სასაუბროდ იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, სადაც ივანიშვილი კვლავ იმ ნარატივს დაუბრუნდა, რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი პროექტია. 

"ვიფიქრე, რომ მაშინ სხვანაირად ფიქრობდა და ამან ყველაფერმა გადაიარა. ამის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში გიორგი კვირიკაშვილი მიემგზავრება ამერიკაში, ყველაზე მაღალი დონის შეხვედრას ატარებს პრეზიდენტ ტრამპთან, ვიცე-პრეზიდენტს მიჰყავს სახლში ვახშამზე, ბრუნდება საქართველოში და 2-3 კვირაში გიორგი კვირიკაშვილს ხსნიან და 3 კვირაში იწყებენ თიბისი ჯგუფის მიმართ გამოძიებას, შემოდის ოთხი უწყება. რაღა ახსნა უნდა ამას, ჩვენ მივექანებით არა დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთისკენ“, იხსენებდა "ლელოს" დამფუძნებელი 2019 წელს.

რა არის ახლა: რატომ ვერ ვიპოვეთ მეორე ინვესტორი

მას შემდეგ, რაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პროცესს გამოეთიშა, მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის ახალ ინვესტორს მოძებნიდა, თუმცა ვერ იპოვა ვიდრე 2024 წლამდე, როცა მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC გამოვლინდა.

თუმცა, ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება აღარ გაფორმებულა, რაც იმას გულსიხმობდა, რომ სახელმწიფო ინვესტორს პორტის 49%-ის წილს გადასცემდა, CCCC კი პირველ ფაზაში 600 მილიონ დოლარს დახარჯავდა. მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზად სახელდებოდა ის ფაქტი, რომ წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ინვესტორს პასუხგაუცემელი კითხვები ჰქონდა პროექტის კომერციულ რისკებზე. მთავრობა კი ჯიუტად იმეორებდა რომ სესხის და ტვირთების გარანტიას (სწორედ ეს საკითხი იქცა განხეთქილების მიზეზად წინა ინვესტორთან ურთიერთობაშიც) ინვესტორი სახელმწიფოსგან არ მიიღებდა.

2024 წლის 29 აგვისტოს სახელმწიფოსა და ბელგიურ კომპანია Jan De Nul-ს შორის გაფორმდა პორტის მშენებლობაზე 203,927,831 დოლარიანი ხელშეკრულება, თუმცა წელს ანაკლიის პროექტის სამშენებლო სამუშაოების ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით შემცირდა, 50 მილიონამდე. 

საერთო ჯამში, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს თუ დავუჯერებთ, 2024 წლიდან დღემდე, პორტის მშენებლობაზე 270 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

დღეს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვირივიშვილმა თქვა, რომ „ახალი მოდელიდან გამომდინარე, სახელმწიფოს 200 მილიონი დოლარის დამატებითი თანხის მობილიზება მოუწევს."

როდის ამოქმედდება ანაკლიის პორტი: 10+6=16

მარიამ ქვრივიშვილის თქმითვე, საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე პორტის ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის თვისებრივ განახლებას და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულებას. მას არ უთქვამს საიდან მოიტანს ამ თანხას მთავრობა.

კვლავ გაურკვეველია პირველი გემის მიღების ვადაც, რომელიც ხან 2029 წელია, ხან 2032. 

ასე მაგალითად, დღესაც, მარიამ ქვირივიშვილი აცხადებს, რომ პორტის მშენებლობის ვადა 2032 წლამდეა, თუმცა პირველ გემს მაინც 2029 წელს მიიღებენ. 

არადა, მაისის ბოლოს მანვე განაცხადა "იმედის" ეთერში, რომ ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებები ოპტიმისტური განწყობის საფუძველს იძლეოდა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ ტვირთს 2032 წელს მიიღებდა. მოგვიანებით, სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს მექანიკური შეცდომა იყო და ანაკლიის პორტის ამოქმედების თარიღად კვლავ 2029 წელი დაასახელა. 

ფაქტობრივად კი, სიტუაცია ასეთია: პორტი რომელსაც პირველი გემი 2020 წელს უნდა მიეღო, ამ დრომდე არ არსებობს და წინ კიდევ 6 წელია მის ასაშენებლად - ჯამში 15 წელი პირველ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან. ახლა მთავრობა ამბობს, რომ ანაკლიის პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს, თუმცა ვადას მაინც 2032 წლამდე იღებს და არც ის არის დაკონკრეტებული საიდან მოვა 7 მილიარდი დოლარი, რაც საქართველოს შარშანდელი 38.1 მილიარდ დოლარიანი ნომინალური ეკონომიკის თითქმის მეხუთედია.