LIVE

UBS კონკურენტ Credit Suisse-ს ყიდულობს

20 მარ 202310:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 556
UBS კონკურენტ Credit Suisse-ს ყიდულობს

უდიდესი შვეიცარიული ბანკი UBS თანახმაა, რომ მისი კონკურენტი, Credit Suisse $3.25 მილიარდად იყიდოს. 

შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ეს გარიგება ფინანსური ბაზრების ნდობის აღსადგენად და რისკების სამართავად საუკეთესო საშუალებაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ „ამ უჩვეულო სიტუაციაში იპოვეს გამოსავალი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შვეიცარიის ეკონომიკის დასაცავად“.

Credit Suisse-ის აქციონერებს გარიგებაში ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. ისინი UBS-ში CS-ის ყოველ 22.48 აქციაზე 1 აქციას მიიღებენ, რაც ნიშნავს, რომ UBS ბანკს $3.15 მილიარდად აფასებს, რაც ბანკის ორი დღის წინ არსებულ ღირებულებაზე 60%-ით ნაკლებია. პარასკევს Credit Suisse დაახლოებით $8 მილიარდად შეფასდა. 

ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ UBS-ისთვის რისკის შესამცირებლად იგი გარანტიის სახით $9.6 მილიარდს გამოყოფს.

შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა UBS-ს ასევე შესთავაზა $110 მილიარდამდე ლიკვიდურობის დახმარება.

გლობალურმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარიგება მყისიერად მოიწონეს.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ის მიესალმება შვეიცარიის მარეგულირებლების "სწრაფ მოქმედებას".

აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა და Fed-ის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა თქვეს, რომ შვეიცარიის მარეგულირებლების განცხადება "ფინანსურ სტაბილურობას" ემსახურება. 

Credit Suisse 167 წელია არსებობს და იგი მსოფლიოს 30 ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტში შედის. Credit Suisse შვეიცარიის რიგით მეორე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელშიც 2022 წლის ბოლოსთვის $574 მილიარდის აქტივები იყო დაცული, რაც 37%-ით ნაკლებია 2020 წლისთვის ბანკში განთავსებულ $912 მილიარდთან შედარებით. 

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკი არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რამაც გარკვეულწილად ზიანი მიაყენა მის რეპუტაციას კლიენტების და ინვესტორების თვალში, რასაც ისიც დაერთო, რომ Credit Suisse-მა რამდენიმე ტოპ აღმასრულებელი კადრიც დაკარგა.  

მომხმარებლებმა შარშან Credit Suisse-დან 123 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი ($133 მილიარდი) გაიტანეს, უმეტესად ბოლო კვარტალში, მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ბანკის არასახარბიელო ფინანსური მაჩვენებლები. კერძოდ, ბანკის წლიური წმინდა ზარალი $7.9 მილიარდი იყო, რაც ყველაზე დიდია 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიული ბანკის ერთ-ერთი კლიენტი "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელთანაც ბანკს მრავალწლიანი სამართლებრივი დავა აკავშირებს