LIVE

მსხვილი კომპანიები კადრების შემცირებას აგრძელებენ - კვირის შეჯამება

12 თებ 202315:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 420
მსხვილი კომპანიები კადრების შემცირებას აგრძელებენ - კვირის შეჯამება

მიმდინარე კვირაში კიდევ უფრო გაიზარდა მსხვილი კომპანიების რიცხვი, რომლებიც, შემცირებული შემოსავლების ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, თანამშრომლების რიცხვს ამცირებენ. 

Zoom Video Communications აცხადებს, რომ დაახლოებით 1300 ადამიანს ათავისუფლებს. ეს რიცხვი დასაქმებულების 15%-ს შეადგენს. ამის მიზეზად კომპანია ვიდეოკონფერენციის სერვისებზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებს. 

კომპანიის აქციები შარშან ტექნოლოგიური კომპანიების აქციების გაუფასურების ფონზე, 63%-ით დაეცა. 2022 წელს კომპანიის მოგება, სავარაუდოდ, 38%-ით შემცირდა.  

Zoom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ იუანმა განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაზე ანგარიშვალდებულია და ამის გამო, მომავალ ფისკალურ წელს შეიმცირებს ხელფასს და უარს იტყვის ბონუსზე.  

Dell Technologies გლობალურად დასაქმებულების დაახლოებით 5%-ს, 6650 თანამშრომელს ათავისუფლებს. ამ გადაწყვეტილებამდე კომპანია პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნის შემცირებამ მიიყვანა. 

კომპანიის განმარტებით, Dell-ზე აისახება ბაზარზე შექმნილი ვითარება, რასაც გაურკვეველი მომავალი ემატება. 

პანდემიის პერიოდში კომპიუტერების ბუმის შემდეგ, Dell, ისევე როგორც, ტექნიკის სხვა მწარმოებლები კომპიუტერების გადაზიდვების შემცირებას უჩივიან. 

IDC-ის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 2022 წელს ყველაზე დიდი - 37%-იანი კლება Dell-ის ჰქონდა. კომპანია თავისი შემოსავლის დაახლოებით 55%-ს სწორედ კომპიუტერების გაყიდვიდან გამოიმუშავებს.

Disney 7000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ აიგერმა განაცხადა. 

გათავისუფლებული თანამშრომლების რიცხვი გლობალურად Disney-ის სამუშაო ძალის დაახლოებით 3.6%-ს შეადგენს. 

ეს გადაწყვეტილება ნაწილია გეგმის, რომლის მიხედვითაც კომპანია ჯამში $5.5 მილიარდის დაზოგვას და Disney+ სტრიმინგის სერვისის მოგებაზე გაყვანას აპირებს.

რესტრუქტურიზაცია სამ სეგმენტში - გასართობ განყოფილებაში (იგულისხმება ფილმები, ტელევიზია და სტრიმინგი); Disney-ის შვილობილ ESPN-ში და Disney-ის პარკებში იგეგმება. 

აიგერმა რესტრუქტურიზაციის შესახებ 2022 წლის ბოლო სამი თვის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად განაცხადა. მონაცემები აჩვენებს, რომ შემოსავალი 8%-ით $23.5 მილიარდამდე, ხოლო წმინდა მოგება 11%-ით $1.3 მილიარდამდე გაიზარდა.

აღნიშნულ კვარტალში Disney+-ის აბონენტების რაოდენობა დაახლოებით 2.4 მილიონით შემცირდა და 161.8 მილიონი შეადგინა. 2019 წელს სტრიმინგის გაშვების შემდეგ, აბონენტების რიცხვის კლება პირველად დაფიქსირდა. 

Yahoo თანამშრომლების 20%-ზე მეტის გათავისუფლებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულების რიცხვს 1600 ადამიანით ამცირებს

რესტრუქტურიზაცია ძირითადად სარეკლამო ტექნოლოგიების განყოფილების ხარჯზე ხდება. კომპანიის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე შემცირება შეეხება ტექნოლოგიების განყოფილების თანამშრომლების თითქმის ნახევარს, აქედან დაახლოებით 1000 ადამიანის დათხოვნას Yahoo ამ კვირაში გეგმავს. 

კომპანიის განმარტებით, ამ ნაბიჯით ის ნაკლებ ინვესტიციას განახორციელებს თავის სარეკლამო DSP პლატფორმაზე. უკანასკნელ თვეებში რეკორდულად მაღალი ინფლაციის მაჩვენებლებისა და მოსალოდნელი რეცესიის საპასუხოდ, რეკლამის ბევრმა განმთავსებელმა შეამცირა მარკეტინგული ბიუჯეტი.

გლობალური კომპანიების მხრიდან თანამშრომლების გათავისუფლების ტენდენციას eBay-ც უერთდება. კომპანია გეგმავს, რომ დაახლოებით 500 თანამშრომელი, ანუ კადრების 4% გაათავისუფლოს. მიზეზად კი, ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, გაყიდვების შემცირებას ასახელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს არის პასუხი გლობალურ მაკროეკონომიკურ პროცესებზე, რაც სამომავლოდ კომპანიისთვის გრძელვადიანი ზრდისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია.

eBay-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი იანონემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გლობალური მაკროეკონომიკური გარემო შეისწავლეს. 

თანამშრომლების შემცირების გადაწყვეტილებით ეს კომპანიები უერთდებიან ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა PayPalSpotifyAmazon.com, Meta Platforms, AlphabetMicrosoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.  

თანამშრომლების შემცირებას არ აპირებს Apple. კომპანიის განმარტებით, პანდემიაში ტექნიკაზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, მან სხვებთან შედარებით ნაკლები თანამშრომელი აიყვანა. გარდა ამისა, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი თანამშრომლების წყალობით, უფრო მეტი შემოსავლის მიღება შეძლო.