LIVE

Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი 12000 თანამშრომელს ათავისუფლებს

20 იან 202315:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 782
Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი 12000 თანამშრომელს ათავისუფლებს
obias Schwarz/Getty Images

Google-ის მშობელი კომპანია Alphabet 12 000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი გლობალურად დასაქმებულების რიცხვს 6%-ით ამცირებს.  

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სუნდარ პიჩაის განცხადებით, შემცირება გავლენას მოახდენს სამუშაო ადგილებზე გლობალურად და მთელ კომპანიაში. მისივე თქმით, ის იღებს „სრულ პასუხისმგებლობას იმ გადაწყვეტილებებზე, რამაც კომპანია ამ ზომამდე მიიყვანა“.

ძლიერი საძიებო პლატფორმის წყალობით, Google ახერხებდა, რომ თავიდან აეცილებინა სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი შემცირება, მაგრამ ციფრული რეკლამის შემცირებამ კომპანია ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. 

Alphabet გათავისუფლებულ თანამშრომლებს 16 კვირის კომპენსაციას გადაუხდის და ამასთან, ექვსი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს აუნაზღაურებს. სხვა ქვეყნებში გათავისუფლებულები კომპენსაციას ადგილობრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის საფუძველზე მიიღებენ. 

ოქტომბერში კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში კომპანიის მოგება 27%-ით შემცირდა და $13.9 მილიარდი შეადგინა. მაშინ, პიჩაიმ თქვა, რომ Google ხარჯებს შეამცირებდა. ამასთან, ფინანსურმა დირექტორმა რუთ პორატმა აღნიშნა, რომ ახალი სამუშაო ადგილების მოცულობა, მეოთხე კვარტალში, წინა პერიოდთან შედარებით, ნახევარზე მეტად შემცირდება. 

ხარჯების შემცირების მიზნით, თანამშრომლებს სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებიც ითხოვენ. Amazon-მა გუშინ აშშ-ში, კანადასა და კოსტა-რიკაში თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

მიმდინარე კვირაში Microsoft-მა ასევე განაცხადა, რომ ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დასაქმებულების 5%-ს, ანუ 11 000 ადამიანს შეეხება.

ადამიანური რესურსების საკონსულტაციო ფირმა Challenger, Gray & Christmas-ის მონაცემებით, 2022 წელს სამუშაო ადგილები ყველაზე მეტად ტექნოლოგიურ სექტორში შემცირდა. გათავისუფლებული ადამიანების რიცხვმა 97 000-ს გადააჭარბა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 649%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.