Amazon-ი დღეიდან აშშ-ში, კანადასა და კოსტა-რიკაში თანამშრომლების ნაწილს ათავისუფლებს. ამჯერად კომპანია 2 300 ადამიანს ითხოვს.
წლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, უმსხვილესი სავაჭრო კომპანია სულ 18 000 ადამიანის გაშვებას გეგმავს.
Amazon.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯასიმ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ შემცირება, კომპანიის დაახლოებით 300 000 კორპორაციული თანამშრომლის 6%-ს შეეხება და ეს ძირითადად გავლენას მოახდენს ელექტრონული კომერციისა და ადამიანური რესურსების განყოფილებებზე.
კომპანიაში კადრის შემცირების მიზეზი გლობალურად გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა და მოსალოდნელი რეცესიაა.
ხარჯების შემცირების მიზეზით, თანამშრომლებს სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებიც ითხოვენ.
Microsoft-მა ასევე განაცხადა, რომ ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დასაქმებულების 5%-ს, ანუ 11 000 ადამიანს შეეხება.