
Dell Technologies გლობალურად დასაქმებულების დაახლოებით 5%-ს, 6650 თანამშრომელს ათავისუფლებს. ამ გადაწყვეტილებამდე კომპანია პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნის შემცირებამ მიიყვანა.
ამერიკული კომპანიების აქციების ვარდნის ფონზე, წინასაბაზრო ვაჭრობაში Dell-ის აქციები 0.6%-ით დაეცა.
კომპანიის განმარტებით, Dell-ზე აისახება ბაზარზე შექმნილი ვითარება, რასაც გაურკვეველი მომავალი ემატება.
პანდემიის პერიოდში კომპიუტერების ბუმის შემდეგ, Dell, ისევე როგორც, ტექნიკის სხვა მწარმოებლები კომპიუტერების გადაზიდვების შემცირებას უჩივიან.
IDC-ის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 2022 წელს ყველაზე დიდი - 37%-იანი კლება Dell-ის ჰქონდა. კომპანია თავისი შემოსავლის დაახლოებით 55%-ს სწორედ კომპიუტერების გაყიდვიდან გამოიმუშავებს.
ამ გადაწყვეტილებით Dell უერთდება ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა PayPal, Spotify, Amazon.com, Meta Platforms, Alphabet, Microsoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.