LIVE

Disney 7000 თანამშრომელს ათავისუფლებს

09 თებ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 398
Disney 7000 თანამშრომელს ათავისუფლებს

Disney-ის 7000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ აიგერმა განაცხადა. 

გათავისუფლებული თანამშრომლების რიცხვი გლობალურად Disney-ის სამუშაო ძალის დაახლოებით 3.6%-ს შეადგენს. 

ეს გადაწყვეტილება ნაწილია გეგმის, რომლის მიხედვითაც კომპანია ჯამში $5.5 მილიარდის დაზოგვას და Disney+ სტრიმინგის სერვისის მოგებაზე გაყვანას აპირებს.

რესტრუქტურიზაცია სამ სეგმენტში - გასართობ განყოფილებაში (იგულისხმება ფილმები, ტელევიზია და სტრიმინგი); Disney-ის შვილობილ ESPN-ში და Disney-ის პარკებში იგეგმება. 

აიგერმა რესტრუქტურიზაციის შესახებ 2022 წლის ბოლო სამი თვის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად განაცხადა. მონაცემები აჩვენებს, რომ შემოსავალი 8%-ით $23.5 მილიარდამდე, ხოლო წმინდა მოგება 11%-ით $1.3 მილიარდამდე გაიზარდა.

აღნიშნულ კვარტალში Disney+-ის აბონენტების რაოდენობა დაახლოებით 2.4 მილიონით შემცირდა და 161.8 მილიონი შეადგინა. 2019 წელს სტრიმინგის გაშვების შემდეგ, აბონენტების რიცხვის კლება პირველად დაფიქსირდა. 

კომპანიის CEO-ს განცხადებით, Disney-ისთვის სტრიმინგის სერვისი მის მთავარ პრიორიტეტად რჩება. მისივე თქმით, კადრების შემცირება კომპანიას მდგრად ზრდას მოუტანს, სტრიმინგის ბიზნესს მომგებიანს გახდის და უკეთესი პოზიციონირების საშუალებას მისცემს. 

ცოტა ხნის წინ მილიარდერმა აქტივისტმა ინვესტორმა ნელსონ პელცმა Disney სტრიმინგ ბიზნესზე გადაჭარბებული ხარჯების გამო გააკრიტიკა. „მოხარულები ვართ, რომ Disney უსმენს“, - განაცხადა მან ხარჯების შემცირების შესახებ კომპანიის განცხადების შემდეგ.

სიახლის გავრცელების შემდეგ Disney-ის აქციები გახანგრძლივებულ ვაჭრობაში 5%-ზე მეტად გაიზარდა.

ბობ აიგერი Disney-ის აღმასრულებელ დირექტორის პოზიციაზე გასული წლის ნოემბერში დაბრუნდა და ბობ ჩაპეკი შეცვალა. ჩაპეკი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც Disney-ის სტრიმინგის ბიზნესმა $1.5 მილიარდის კვარტალური ზარალი აჩვენა. 

იქამდე აიგერი კომპანიაში 2005 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა. Disney-ში დაბრუნებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, აიგერმა თქვა, რომ ის ბიზნესის დიდ რყევას გეგმავს.

უკანასკნელ პერიოდში არაერთი მსხვილი ამერიკული კომპანია თანამშრომლების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს. მათ შორისაა ისეთი ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა ZoomDellPayPalSpotifyAmazon.com, Meta Platforms, AlphabetMicrosoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.