LIVE

ეროვნული ბანკს სამის ნაცვლად 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება - ცვლილებები

09 თებ 202312:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 662
ეროვნული ბანკს სამის ნაცვლად 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება - ცვლილებები

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელთანაც სებ-ს შენიშვნები ჰქონდა, დაკორექტირდა. შედეგად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სამის ნაცვლად 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სებ-ში ჩნდება ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტი არა არსებული ვიცე-პრეზიდენტებიდან, არამედ საბჭოს სრული შემადგენლობიდან აირჩევა. ავტორები ცვლილებებს იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ბუნდოვანია, თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას.

თავის მხრივ, კანონპროექტის შესახებ ეროვნული ბანკის შენიშვნები უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში, 5 აღმასრულებელი და 4 არააღმასრულებელი წევრი იქნებოდა. შედეგად, კი საბჭო ზედამხედველის ფუნქციას ვეღარ შეასრულებდა.

პირველ რედაქციასთან შედარებით კიდევ ერთი ცვლილება ვიცე-პრეზიდენტების წარდგენის საკითხს ეხება. თუ სებ-ის პრეზიდენტი პირველი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას ვერ წარადგენს, საბჭოს არანაკლებ ორ წევრს შეუძლია მისი წარდგენა, რომელსაც საბჭო დაამტკიცებს.

„ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 2 ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში - ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო“, - აღნიშნულია კანონპროექტში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და მისი ავტორები და ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პრეზიდენტობის ვადა 2 მარტს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.

ეროვნული ბანკის საბჭო

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს. ამ ეტაპზე საბჭოში 8 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:

საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია, შესაბამისად, ამ თანამდებობას ამჟამად კობა გვენეტაძე იკავებს. საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. 

ამასთან, ეროვნული ბანკის საბჭოში კიდევ 4 წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.