Startup Grind Tbilisi განცხადებას ავრცელებს გიორგი ტუხაშვილის საქმის გამოძიების გაჭიანურებაზე, რაც ორგანიზაციის გუნდს უჩენს ეჭვს, რომ მიზანმიმართულად ხდება პასუხისმგებელი პირებისათვის ხელის დაფარება.
გიორგი ტუხაშვილი Kernel-ის თანადამფუძნებელი და Startup Grind Tbilisi-ის დირექტორი იყო, რომელიც 2024 წლის იანვარში კრისტალის სათხილამურო ტრასაზე სრიალისას ტრაგიკულად დაიღუპა. მისი გარდაცვალების საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
"ბევრისთვის ის მეგობარი, კოლეგა და მენტორი იყო - ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სტარტაპ საზოგადოების განვითარებაში. თითქმის სამი წლის შემდეგ, მიუხედავად საქმეში არსებული უამრავი და უტყუარი მტკიცებულებისა, გამოძიება ჭიანურდება, რაც გვიქმნის განცდას, რომ მიზანმიმართულად ხდება პასუხისმგებელი პირებისათვის ხელის დაფარება. გიორგის ოჯახისა და მეგობრებისთვის მიუღებელია, რომ ამ დრომდე გვრჩება მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებზეც პასუხები ჯერ კიდევ არ მიგვიღია. ეს მხოლოდ გიორგის ოჯახის პირადი ბრძოლა არ არის. საქმე ეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, პასუხისმგებლობის საკითხს და იმას, თუ რამდენად დაცულია ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება ისეთ სივრცეებში, სადაც ისინი დასასვენებლად მიდიან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა, რომელი უსაფრთხოების ნორმები არ იქნა დაცული და ვინ უნდა აგოს პასუხი შესაძლო დარღვევებზე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ," ნათქვამია Startup Grind Tbilisi-ს განცხადებაში.
ორგანიზაცია ასევე ავრცელებს ვიდეოს, სადაც განხილულია გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილების მიზეზები და ის კითხვები, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია.
ამასთან, ხვალ, 18 ნოემბერს, 18 საათზე, ტერმინალის აბაშიძის ფილიალში გეგმავს გამართოს საგამოძიებო რეპორტაჟის ჩვენება და პრეს-ბრიფინგი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო რეპორტაჟი. Startup Grind Tbilisi -ის თანახმად, ჩვენების შემდეგ ადვოკატი ისაუბრებს საქმის მიმდინარე სტატუსზე, სამართლებრივ პროცესსა და არსებულ გარემოებებზე. შეხვედრა დასრულდება პრეს-ბრიფინგითა და კითხვა-პასუხის სესიით.
"მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, სტარტაპ საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, შემოგვიერთდნენ. დუმილი და დრო ვერ ჩაანაცვლებს პასუხებს. ჩვენ ვითხოვთ სრულყოფილ გამოძიებას, ყველა მნიშვნელოვანი გარემოების დადგენასა და პასუხისმგებლობის საკითხის გარკვევას," აცხადებს Startup Grind Tbilisi-ის გუნდი.