ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას ითვალისწინებს, გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს.
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე კანონპროექტის განხილვისას არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოში 5 აღმასრულებელი და 4 არააღმასრულებელი წევრი იქნება. შედეგად კი საბჭო ზედამხედველის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.
„გვესმის სურვილი, რომ კანონის დონეზე დარეგულირდეს თუ ვინ იქნება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, როდესაც ის არ არის. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ამის ცვლილება გარკვეულ სხვა პრობლემებს იწვევს.
დღეს როგორაა მოწყობილი, არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, სადაც დეტალურადაა გაწერილი თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას. თუ ის არ არის, შემდეგი ვიცე-პრეზიდენტი იქნება და ცნობილია თითოეულს რა ფუნქცია აქვს. კარგია, რომ ეს კანონის დონეზე იყოს დალაგებული, ამაში გეთანხმებით, მაგრამ რამდენად საჩქაროა?
მეორე თემა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკის საბჭო სებ-ის უმაღლესი საზედამხედველო ორგანოა. იქ არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე აღმასრულებელი წევრების. ეს აღიარებული პრინციპია. ცვლილებებით კი ეს ირღვევა და თუ 4 ვიცე-პრეზიდენტი და 1 ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება, გამოდის, რომ 5 აღმასრულებელი და 4 არააღმასრულებელია. ამით ეროვნული ბანკის საბჭო, ზედამხედველის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.
ეროვნულ ბანკში იყო სავალუტო ფონდის უსაფრთხოების მისია, რომელმაც ამ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა, რადგან დღეს ერთი ვაკანსია გვაქვს, ანუ 4 აღმასრულებელი და 4 არააღმასრულებელია, ამიტომ მათი რეკომენდაციაა, კანონში უზრუნველყოფილი იყოს, რომ საბჭოში არააღმასრულებელი წევრები ყოველთვის მეტი იქნება, ვიდრე აღმასრულებელი. ეს ცვლილება სავალუტო ფონდთან ტექნიკური დახმარების ფარგლებში მზადდება. დღეს შემოთავაზებული ვერსია კი ამის საწინააღმდეგოა. ამიტომ, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, კანონი ისე შეიცვალოს, რომ არააღმასრულებელი და აღმასრულებელი წევრების ფარდობა დარეგულირდეს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში, ვალდებულება გვაქვს, რომ მსგავსი ცვლილებები, წინასწარ იქნება კომუნიცირებული და მათი დასკვნა გვექნება მიღებული, ამიტომ მათთან შეთანხმება მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე და საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენი შემოთავაზებაა, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ. მზად ვართ, პროცესში ჩავერთოთ და გამოსავალი მოვძებნოთ. ცოტა მეტი არგუმენტების წარმოდგენის საშუალება გვქონდეს. მათ შორის, ჩავრთოთ სავალუტო ფონდიც და ისეთი ცვლილება მივიღოთ, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს და სხვა პრობლემებს არ გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, თუ შესაძლებელია, რომ დაჩქარებული არ იყოს და ჩვეულებრივ რეჟიმში გადავიდეთ, ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. აღნიშნული ცვლილება „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან და ისინი პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი მოქმედ პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პრეზიდენტობის ვადა 2 მარტს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.