LIVE

ვინ იქნება მოვალეობის შემსრულებელი სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში - კანონპროექტი

06 თებ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 824
ვინ იქნება მოვალეობის შემსრულებელი სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში - კანონპროექტი

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. აღნიშნული ცვლილება „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შედის.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილების მიზანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ბუნდოვანია, თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას. ცვლილების მიხედვით კი ასეთ შემთხვევაში მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.

„იმისათვის, რომ აღმოფხვრილი იყოს ნებისმიერი თეორიული ბუნდოვანება, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს გამართული საქმიანობა, მიზანშეწონილია დაზუსტდეს ორგანული კანონის შესაბამისი დანაწესები. საქართველოს ეროვნულ ბანკში ემატება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც მსგავსად დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტებისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული საბჭო დაავალებს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან და ისინი პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პრეზიდენტობის ვადა 2 მარტს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.