LIVE

USA2GEORGIA-ს მომხმარებლები ამანათებს არ დაკარგავენ - კონკურენციის სააგენტო

17 იან 202311:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 700
USA2GEORGIA-ს მომხმარებლები ამანათებს არ დაკარგავენ - კონკურენციის სააგენტო

სასამართლომ USA2GEORGIA-ს საქმეზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რაც ნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თითოეული მომხმარებელი დაცულია ამანათის დაკარგვისგან.

უფრო კონკრეტულად, თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს.

USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა - ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება.

"კონკურენციის ეროვნული სააგენტო, აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაქვეყნებს. 16 იანვრის მდგომარეობით, სააგენტოში შემოსულია 107 განაცხადი, შესწავლა მიმდინარეობს 58 საქმეზე. პირობითი ვალდებულება მომხმარებლის სასარგებლოდ 9 მოვაჭრესთან გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ",- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტომ Usa2Georgia-ს წინააღმდეგ საქმის შესწავლა გასულ თვეში დაიწყო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ USA2GEORGIA-მ ამანათების წონის გამოთვლის წესი, მათი გაფრთხილების გარეშე, შეცვალა. 2022 წლის 15 ნოემბრამდე კომპანია ამანათის ჩამოტანის ღირებულებას მხოლოდ რეალური წონით ითვლიდა. ცვლილების შემდეგ, ამანათის ღირებულების გამოთვლაში ყურადღება მის ზომებსაც ექცევა, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ამანათების ჩამოტანის საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა.