LIVE

Usa2Georgia-ს შესახებ გადაწყვეტილებას იანვრის ბოლომდე გამოვაცხადებთ - ლექვინაძე

12 იან 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1263
Usa2Georgia-ს შესახებ გადაწყვეტილებას იანვრის ბოლომდე გამოვაცხადებთ - ლექვინაძე

კონკურენციის სააგენტო Usa2Georgia-ს შესახებ გადაწყვეტილებას იანვრის ბოლომდე გამოაცხადებს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, Usa2Georgia-ს წინააღმდეგ დაახლოებით 15-მდე განაცხადი შევიდა. კომპანია საქმის წარმოების პროცესში ჩართულია და სააგენტოს კომპანიისგან განმარტებითი წერილები მიღებული აქვს. 

ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ იკვეთება მომხმარებლების ნაკლები ინფორმირების პრობლემა იმ პირობების შესახებ, რომლებმაც ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის წესი შეცვალა. 

"ჩვენთვის მთავარი შესწავლის საგანი არის ის, მომხმარებელი რომელიც დაზარალდა, დროულად იყო თუ არა ინფორმირებული ამ პირობების ცვლილების შესახებ. ჯერჯერობით შესწავლის პროცესია. ფაქტია, რომ პრობლემა არის და ამ პრობლემას ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილებით ვუპასუხებთ. იანვრის ბოლომდე გამოვაცხადებთ ამ გადაწყვეტილებას თუ დამატებითი კვლევა არ მოითხოვა საკითხმა და ამ ეტაპზე მეტნაკლებად ყველაფერი ცხადია", - აცხადებს ლექვინაძე. 

მისივე განმარტებით, მომხმარებლების უფლებების დარღვევის აღდგენად განიხილება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება მათ პირად საბანკო ან Usa2Georgia-ს ანგარიშებზე.

"შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რამაც მომხმარებელთა უფლებების აღდგენა უზრუნველყოს. ჯერ მთავარია, მივიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ჩვენი ვერდიქტის მერე კომპანია როგორ მოიქცევა, ან საქმის წარმოების პროცესში აიღებს თუ არა პირობით ვალდებულებებს, ამას იანვრის ბოლომდე არსებული პერიოდი გვაჩვენებს", - განმარტავს ლექვინაძე. 

ლექვინაძის განმარტებით, სააგენტომ სამი სახის გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს:

„1. დაუდგინდეს კომპანიას მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, დროული არაინფორმირებულობის გამო და ასეთ შემთხვევაში, კომპანიას მიეცემა გონივრული ვადა იმისთვის, რომ გამოასწოროს ხარვეზი და აღადგინოს მომხმარებლების დარღვეული უფლება. თუ ეს გონივრულ ვადაში არ მოხდა, გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქციები, რაც გულისხმობს კომპანიის წინა წლის ფინანსური ბრუნვის დაახლოებით 2%-მდე მოცულობის ჯარიმას.

2. კომპანიამ განმარტოს და ახსნას ობიექტური გარემოებებით ის ცვლილება, რაც მომხმარებლის მიმართ განხორციელდა და ასეთ შემთხვევაში, კომპანია გამართლდეს და ვთქვათ, რომ ეს იყო ობიექტური გარემოებებით გამოწვეული.

3. პირობითი ვალდებულების აღება, რაც გულისხმობს, კომპანიამ თქვას, რომ საქმის წარმოების კუთხით ვიზიარებ, რომ არასწორი ინფორმირებულობის გამო, სათანადოდ არ უზრუნველყავი მომხმარებლების ინფორმირება, დარღვევა დაადასტუროს და აიღოს პირობითი ვალდებულება, რომ გონივრულ ვადაში მოახდენს დარღვეული უფლებების აღდგენას. ასეთ დროს, საქმის წარმოება წყდება და ჩვენ ველოდებით კომპანიის მხრიდან მომხმარებლების მიმართ განხორციელებულ ნაბიჯებს“, - ამბობს ლექვინაძე.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ Usa2Georgia-ს წინააღმდეგ საქმის შესწავლა გასულ თვეში დაიწყო. სააგენტო კომპანიის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტს შეისწავლის. 

მომხმარებლები აცხადებენ, რომ USA2GEORGIA-მ ამანათების წონის გამოთვლის წესი, მათი გაფრთხილების გარეშე, შეცვალა. 2022 წლის 15 ნოემბრამდე კომპანია ამანათის ჩამოტანის ღირებულებას მხოლოდ რეალური წონით ითვლიდა. ცვლილების შემდეგ, ამანათის ღირებულების გამოთვლაში ყურადღება მის ზომებსაც ექცევა, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ამანათების ჩამოტანის საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

კომპანიის განმარტებით, ტარიფის მხოლოდ რეალური წონით დაანგარიშება მომხმარებლებისთვის სააქციო შეთავაზება იყო.  

"გასულ წელს, თითქმის მთელი წელი სააქციო პერიოდი იყო ჩვენი მომხმარებლებისათვის და მხოლოდ რეალური წონით ითვლებოდა ტრანსპორტირების ღირებულება. თუმცა ტრანსკონტინენტური გადაზიდვების წესდების გამკაცრების შემდეგ, ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა კვლავ საერთაშორისო სტანდარტს დაუბრუნდა", - აღნიშნულია USA2GEORGIA-ს მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" გამოგზავნილ წერილში. 

კომპანიის ინფორმაციითვე, ცვლილების შემდეგ, 24 ნოემბერს მათ ამანათების გადაფუთვის ნებაყოფლობითი სერვისი გააქტიურეს, რაც ნივთის უფრო მცირე მოცულობის შეფუთვაში მოთავსებას გულისხმობს.  

კომპანიის განცხადების საპირისპიროდ, მომხმარებლები ასევე აცხადებენ, რომ სელერების მიერ მიტანილი ნივთები USA2GEORGIA-ს ვებგვერდზე დაგვიანებით აისახა, რის შედეგადაც მომხმარებელს გადაფუთვის მომსახურებით სარგებლობის უფლება შეეზღუდა. ნაწილი კი ამბობს, რომ მათ გადაფუთვის საშუალება საიტის ტექნიკური გაუმართაობის გამო, საერთოდ არ მიეცათ.  

შეგახსენებთ, პირველი ნოემბრიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო. პასუხისმგებელი უწყება, რომელიც მომხმარებლების საჩივრებს განიხილავს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოა. შესაბამისად, ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ ფლობს ინფორმაციას, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები. 

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორებისას ჯარიმა გაორმაგდება.