USA2GEORGIA-ს მიერ ამანათის ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლაში ცვლილების გამო, მომხმარებლების ნაწილი თავს დაზარალებულად მიიჩნევს და კომპანიისთვის ჩივილს აპირებს.
2022 წლის 15 ნოემბრამდე კომპანია ამანათის ჩამოტანის ღირებულებას მხოლოდ რეალური წონით ითვლიდა. ცვლილების შემდეგ, ამანათის ღირებულების გამოთვლაში ყურადღება მის ზომებსაც ექცევა.
კომპანიის განმარტებით, ტარიფის მხოლოდ რეალური წონით დაანგარიშება მომხმარებლებისთვის სააქციო შეთავაზება იყო.
"გასულ წელს, თითქმის მთელი წელი სააქციო პერიოდი იყო ჩვენი მომხმარებლებისათვის და მხოლოდ რეალური წონით ითვლებოდა ტრანსპორტირების ღირებულება. თუმცა ტრანსკონტინენტური გადაზიდვების წესდების გამკაცრების შემდეგ, ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა კვლავ საერთაშორისო სტანდარტს დაუბრუნდა", - აღნიშნულია USA2GEORGIA-ს მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" გამოგზავნილ წერილში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილების შესახებ ინფორმაცია 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 4 ნოემბერს ოფიციალური წერილები გაიგზავნა მომხმარებელთა ელექტრონულ ფოსტაზე. 8 ნოემბერს კი სტატია განთავსდა USA2GEORGIA-ს საინფორმაციო ბლოგზე.
კომპანიის ინფორმაციითვე, ცვლილების შემდეგ, 24 ნოემბერს მათ ამანათების გადაფუთვის ნებაყოფლობითი სერვისი გააქტიურეს, რაც ნივთის უფრო მცირე მოცულობის შეფუთვაში მოთავსებას გულისხმობს.
კომპანიის განცხადების საპირისპიროდ, მისი ერთ-ერთი მომხმარებელი, მარიამ ძიძიგური ამბობს, რომ მან ამანათი 22 ნოემბერს დაადეკლარირა, ამანათების გადაფუთვის შესახებ შეტყობინება კი 27 ნოემბერს მიიღო.
"ჩემი ამანათი უკვე ამერიკის საწყობში იყო მისული და გადაფუთვის სერვისის გააქტიურება უკვე დაგვიანებული იყო. ეს შეტყობინება ზოგს საერთოდ არ მისვლია. გარდა ამისა, როცა ხელშეკრულებაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იცვლება, ეს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის გასაგებად უნდა იყოს გამოტანილი როგორც მათ ვებგვერდზე, ისე სოციალურ ქსელებში და ამის შესახებ წინასწარ უნდა გვაცნობონ. USA2GEORGIA პირიქით მოიქცა, ჯერ გადაფუთვის სერვისი ჩაუშვა და შემდეგ შეგვატყობინა ამის შესახებ", - ამბობს მარიამ ძიძიგური, რომელიც Facebook-ზე USA2GEORGIA-ს მიერ დაზარალებულ მომხმარებელთა ჯგუფის ადმინისტრატორია.
მარიამის თქმით, დაანგარიშების ახალი წესის გამო, მას 800 გრ-ის მოცულობის ამანათში 12 კგ-ის ტარიფის, $108-ის გადახდა უწევს. ამასთან, მისივე თქმით, ცვლილების შემდეგ, გადაფუთვის სერვისის გამოყენებაში მომხმარებლებს დამატებით $2-ის გადახდა უწევთ.
მომხმარებლების ნაწილის თქმით, მათ გადაფუთვის საშუალება საიტის ტექნიკური გაუმართაობის გამო, საერთოდ არ მიეცათ.
USA2GEORGIA-ს კიდევ ერთმა მომხმარებელმა, გიორგი გრძელიშვილმა "ბიზნეს ფორმულას" უთხრა, რომ მის გვერდზე ამანათები დაგვიანებით აისახა და გადაფუთვის საშუალება აღარ ჰქონდა.
"მე პირადად 2 კვირა არ მიჩანდა ამანათები. როდესაც მიწერ-მოწერებით გამოჩნდა, უკვე მოცულობითი წონით იყო დაანგარიშებული და არც კი მომეცა გადაფუთვის საშუალება. იყო შემთხვევები, როცა საიტი არ მუშაობდა, ან მონიშვნა ტექნიკურად არ ხერხდებოდა. საერთოდ რატომ უნდა უწევდეს მომხმარებელს გადაფუთვის მითითება. იმისათვის, რომ ტარიფი ნაკლები იყოს და მომხმარებელი არ დაზარალდეს, კომპანიამ ეს თვითონ უნდა გააკეთოს", - ამბობს გიორგი გრძელიშვილი.
მომხმარებლები ეჭვობენ, რომ კომპანია მათ შეცდომაში შეყვანას განზრახ ცდილობს და აღნიშნავენ, რომ ვებგვერდზე საინფორმაციო ბლოგის გამოქვეყნება საკმარისი არ არის. მათი თქმით, ზიანი ხშირად ასობით დოლარს აღწევს.
ჯგუფში ამჟამად 1200-მდე ადამიანია გაწევრიანებული. მათი ნაწილი კომპანიის წინააღმდეგ კოლექტიური საჩივრით კონკურენციის სააგენტოს უახლოეს პერიოდში მიმართავს.