კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ საქმის შესწავლა დაიწყო.
სააგენტო კომპანიის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტს შეისწავლის.
საკითხი ეხება აშშ-დან ნივთის დისტანციურად შეძენისას, ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის წესის ცვლილებას.
მომხმარებლები აცხადებენ, რომ USA2GEORGIA-მ ამანათების წონის გამოთვლის წესი, მათი გაფრთხილების გარეშე, შეცვალა. 2022 წლის 15 ნოემბრამდე კომპანია ამანათის ჩამოტანის ღირებულებას მხოლოდ რეალური წონით ითვლიდა. ცვლილების შემდეგ, ამანათის ღირებულების გამოთვლაში ყურადღება მის ზომებსაც ექცევა, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ამანათების ჩამოტანის საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კომპანიის განმარტებით, ტარიფის მხოლოდ რეალური წონით დაანგარიშება მომხმარებლებისთვის სააქციო შეთავაზება იყო.
"გასულ წელს, თითქმის მთელი წელი სააქციო პერიოდი იყო ჩვენი მომხმარებლებისათვის და მხოლოდ რეალური წონით ითვლებოდა ტრანსპორტირების ღირებულება. თუმცა ტრანსკონტინენტური გადაზიდვების წესდების გამკაცრების შემდეგ, ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა კვლავ საერთაშორისო სტანდარტს დაუბრუნდა", - აღნიშნულია USA2GEORGIA-ს მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" გამოგზავნილ წერილში.
კომპანიის ინფორმაციითვე, ცვლილების შემდეგ, 24 ნოემბერს მათ ამანათების გადაფუთვის ნებაყოფლობითი სერვისი გააქტიურეს, რაც ნივთის უფრო მცირე მოცულობის შეფუთვაში მოთავსებას გულისხმობს.
კომპანიის განცხადების საპირისპიროდ, მომხმარებლები ასევე აცხადებენ, რომ სელერების მიერ მიტანილი ნივთები USA2GEORGIA-ს ვებგვერდზე დაგვიანებით აისახა, რის შედეგადაც მომხმარებელს გადაფუთვის მომსახურებით სარგებლობის უფლება შეეზღუდა. ნაწილი კი ამბობს, რომ მათ გადაფუთვის საშუალება საიტის ტექნიკური გაუმართაობის გამო, საერთოდ არ მიეცათ.
შეგახსენებთ, პირველი ნოემბრიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო. პასუხისმგებელი უწყება, რომელიც მომხმარებლების საჩივრებს განიხილავს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოა. შესაბამისად, ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ ფლობს ინფორმაციას, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორებისას ჯარიმა გაორმაგდება.