LIVE

2022 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

31 დეკ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 788
2022 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

ადგილობრივ ფაქტორებთან ერთად, წელს საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა უკრაინაში მიმდინარე ომმა და მისმა თანმდევმა გლობალურმა ტენდენციებმა მოახდინა.

საქართველო რუსი მიგრანტების ერთ-ერთ ძირითად თავშესაფრად იქცა, რამაც არაერთ ეკონომიკურ პარამეტრზე იმოქმედა.

"ბიზნეს ფორმულა" გთავაზობთ 2022 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენების ნაწილს:

რუსი მიგრანტები/ტურისტები საქართველოში

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც მკვეთრად გაზარდა საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მარტი-ნოემბრის პერიოდში, საქართველოს საზღვარი 1 274 006-მა რუსმა გადმოკვეთა, რაც წლიურად 404%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

აღსანიშნავია, რომ არ ხდებოდა მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნა. შესაბამისად, უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ტურიზმის სტატისტიკაში ხვდებოდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიამდელ შედეგსაც აჭარბებს და 103.5%-იანი აღდგენაა. აქედან 787 მლნ 100 ათასი დოლარი რუს მოგზაურებზე მოდის.

უძრავი ქონება რეკორდულად გაძვირდა

მიგრანტების მზარდი ნაკადის ფონზე, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა როგორც საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი, ასევე გასაქირავებელი ფასი.

„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, ოქტომბერში საცხოვრებელი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 28%-ით, ხოლო თვის ჭრილში 7.2%-ით იყო გაზრდილი და ერთი კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ $1.037-ს უტოლდებოდა. ხოლო გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ფასი წლიურად 120%-ით, თვის ჭრილში კი 25%-ით იყო გაზრდილი. შედეგად, ოქტომბერში თბილისში ერთ კვადრატულ მეტრზე ქირის საშუალო ფასმა $11.2 შეადგინა.

ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზე

წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები მიიღო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში ჯამურად 3.8 მლრდ დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის 12 თვეში მიღებულ თანხას ($2.3 მლრდ) დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარით აღემატება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რუსეთიდან 2022 წლის 11 თვეში 1.8 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ არსებობდა მოლოდინი, რომ საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდებოდა. თუმცა რუსეთიდან მიგრანტების მზარდი ნაკადის პარალელურად, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდა. 

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა. მართალია,  პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ორნიშნა ზრდის მიზეზი "მთავრობის წინდახედულობა და პრაგმატული ეროვნული პოლიტიკაა", თუმცა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ადგილობრივი ექსპერტი მიუთითებს, რომ არსებული ზრდა მეტწილად სწორედ მიგრანტების გავლენას უკავშირდება და მდგრადი არაა, რაზეც ისიც მოწმობს, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შენელებაა მოსალოდნელი - საქართველოს მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა.

ორნიშნა ინფლაცია 

ორნიშნა ინფლაცია, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია ფიქსირდება, წელს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. 

ქვეყანაში ფასების ზრდის შესამცირებლად ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. შესაბამისად, 2022 წლის ბოლო, 21 დეკემბრის სხდომაზე, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

სოც. დაუცველთა დასაქმების პროგრამა

სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო. პრემიერის ინფორმაციით, 30 000 ადამიანი უკვე დასაქმდა, მომდევნო 2-3 წელში კი 200 000 სოციალურად დაუცველი დასაქმდება.

საწვავის გაძვირება და რუსეთიდან გაზრდილი იმპორტი

2022 წელს საწვავის ღირებულება საქართველოში ისტორიულად მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა და 4 ლარს გადასცდა. 

პრემიერის დავალებით ბაზარი მარეგულირებლის შესწავლის ობიექტი გახდა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, აპრილში კომპანიებს საწვავის 25-30 თეთრით იაფად გაყიდვა შეეძლოთ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთიდან განხორციელდა (9 თვეში ადგილობრივ ბაზარზე 429,4 ათასი ტონა რუსული საწვავი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 49,5%-ია). მონიტორინგმა აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ევროპული საწვავის ფასად იყიდებოდა. 

ცვლილება აზარტული თამაშების სექტორისთვის 

1 მარტიდან გამკაცრდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეგულაციები. შესაბამისად, თამაშების ორგანიზატორი ვალდებულია:

არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა; აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები; აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია; თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

აკრძალულ პირთა სიაში დღეისათვის შეყვანილია 1 500 000 ადამიანი.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. პროექტის ღირებულება 2-3 მილიარდი დოლარია და ის საქართველოს ევროკავშირის ენერგოსისტემასთან დააკავშირებს.

უარი კანდიდატის სტატუსზე და ევროპული პერსპექტივა

მრავალი განზომილებით, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენაა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში.