LIVE

9 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით რუსული ბენზინი და დიზელი მოიხმარა

28 ოქტ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 773
9 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით რუსული ბენზინი და დიზელი მოიხმარა

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთიდან განხორციელდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 თვეში ადგილობრივ ბაზარზე 429,4 ათასი ტონა რუსული საწვავი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 49,5%-ია.  

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც იანვარ-სექტემბრის პერიოდში, საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა:

  • რუსეთი - 429,4 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 49,5%);
  • რუმინეთი - 195,4 ათასი ტონა (22,5%);
  • ბულგარეთი - 98,2 ათასი ტონა (11,3%);
  • თურქმენეთი - 71,4 ათასი ტონა (8,2%);
  • აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა (6,4%); 
  • თურქეთი - 7,6 ათასი ტონა (0,9%);
  • საბერძნეთი - 4,8 ათასი ტონა (0,5%);
  • ყაზახეთი - 2,0 ათასი ტონა (0,2%).  

9 თვის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 866,7 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12,2 ათასი ტონით, ანუ 1,4%-ით აღემატება. მათ შორის, იანვარ-სექტემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა 442,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა 423,8 ათასი ტონა შეადგინა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 9 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით, 270,6 ათასი ტონა, A-91 რეგულარი ტიპის ბენზინის იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი იმპორტის 61,1%-ია. შემდეგ მოდიოდა A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 161,9 ათასი ტონა (36,6%) და A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 10,4 ათასი ტონა (2,3%).

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, გლობალურად საწვავის გაიაფებისა და ლარის გამყარების პარალელურად, საქართველოში მარტის ბოლოდან გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა, რაც საწვავის ადგილობრივ ფასზე არ აისახა.   

სააგენტოს მიერ აგვისტოში გამოქვეყნებული მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომია ევროპული საწვავის იდენტურ ფასად.