სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა. პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10% იყო.
მიმდინარე წლის ნოემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, ასევე ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგში.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 31.8%-ით, ხოლო იმპორტი - 32.4%-ით.
ამასთან, მხოლოდ ნოემბერში საქართველოში, 7 207 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 62.3%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 16.7%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მლრდ 796 მლნ ლარი შეადგინა.
ორნიშნა ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული მიგრაციის შედეგად გაზრდილმა მოთხოვნამ უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ, მთავრობა აცხადებდა, რომ წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაზეც 2022 წლის ბიუჯეტი იყო დაგეგმილი, რთული იქნებოდა. ნოემბერში კი ხელისუფლებამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს მთავრობა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შემცირებას ელის. 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.