
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3 159 558 975 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. აქედან 787 მლნ 100 ათასი აშშ დოლარი რუს მოგზაურებზე მოდის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის 11 თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ, 2019 წლის შედეგებს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემების 103.5% აღდგენილია. 2021 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით კი, მოგზაურობიდან შემოსავლები 182.4%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება მხოლოდ ნოემბრის მონაცემებს. ერთ თვეში საქართველომ ტურიზმიდან 305 029 882 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 151.2%-იანი აღდგენაა. 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით კი, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 174.9%-ით.
გასულ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, 109 მლნ აშშ დოლარი რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა დახარჯეს.
ნოემბერში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასე გადანაწილდა:
- რუსეთი - $109.1 მლნ;
- თურქეთი - $45.6 მლნ;
- უკრაინა - $26.5 მლნ;
- ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი - $19.7 მლნ;
- ისრაელი - $19.1 მლნ;
- სომხეთი - $13.9 მლნ;
- ბელარუსი - $11.9 მლნ;
- აზერბაიჯანი - $8.6 მლნ;
- ირანი - $5.9 მლნ;
- საუდის არაბეთი - $3 მლნ.
შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 4 862 247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. წლიური ზრდა 185.5%-ია. პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 55.9% აღდგა.
ნოემბერში საქართველოში 471 165 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 299 605 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ქვეყანაში 108 247 რუსი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 362%-ითაა გაზრდილი და უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა, საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში რუსეთი ლიდერობს.
აღსანიშნავია, რომ არ ხდება მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნა. შესაბამისად, უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ტურიზმის სტატისტიკაში ხვდებიან.
ეროვნული ბანკის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, მარეგულირებელი საქართველოში შემოსულ რუსეთის მხოლოდ 80 000 მოქალაქეს მიიჩნევს ომის ეფექტად, ანუ მიგრანტად.