LIVE

საქართველოში რუსული საწვავის იმპორტი კომპანიებს 30-70 თეთრით იაფი უჯდებათ, თუმცა ევროპულის ფასად ყიდიან - ანგარიში

17 აგვ 202211:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 2336
საქართველოში რუსული საწვავის იმპორტი კომპანიებს 30-70 თეთრით იაფი უჯდებათ, თუმცა ევროპულის ფასად ყიდიან - ანგარიში

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის პერიოდში საწვავის იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთის ფედერაციიდან (40.8%) განხორციელდა, შემდეგ იყო რუმინეთი (26.5%) და ბულგარეთი (13.4%).

სააგენტოს მიერ მომზადებული, საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, აპრილი-ივლისის პერიოდში საწვავის იმპორტის დინამიკამ აჩვენა, რომ ბაზარზე მზარდი იყო რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა და საერთო იმპორტის 64-65%-ს შეადგენდა.

სააგენტოს განცხადებით, საცალო ფასის მაკომპლექტებელი ფაქტორების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომია ევროპული საწვავის იდენტურ ფასად.

„რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული რეგულარის, პრემიუმისა და დიზელის ტიპის საწვავი გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის მსგავს ნიშნულზე.

2022 წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფიქსირდებოდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც“, - აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში. შეფასების მიხედვით, მსგავსი ტენდენციები მიმდინარე წლის მარტი-აპრილის პერიოდშიც დაფიქსირდა, თუმცა მაშინ ეს მსოფლიო ბაზარზე და რეგიონში არსებული არასტაბილურობით იქნა ახსნილი.

ანგარიშის მიხედვით, საცალო ფასები 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ზრდის ტრენდს ატარებდა საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ქვეყნებში - ბულგარეთი, რუმინეთი, ხოლო ივლისში შემცირდა 7-8 ცენტით, საქართველოში კი ივლისში ფასის 11 ცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.  

საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის პერიოდში, რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავზე მარჟა 78-53 თეთრი იყო, რუმინული საწვავის შემთხვევაში კი საბაჟო საწყობიდან, დაახლოებით, 73-94 თეთრით იაფად ხდებოდა სხვა მოვაჭრეებზე საწვავის რეალიზაცია, ვიდე ეს საკუთარ ქსელში შედიოდა. 

ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ქვეყანაში 40 ეკონომიკური აგენტის მიერ 810 320 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა 1547 ერთეული შეადგინა, რაც სააგენტოს შეფასებით, ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში 60.88%-ს შეადგენდა. 

იანვარი-ივლისის პერიოდში, საერთო იმპორტში 43.9% დიზელის ტიპის საწვავს ეკავა, ხოლო 56.1% - ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი - საერთო იმპორტის 34.7%. 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი უკვე დაიხურა და სააგენტო მოკვლევის ეტაპზე გადავიდა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს - ირღვევა თუ არა კონკურენციის კანონმდებლობა მსხვილი კომპანიების მხრიდან, ზემოქმედებენ თუ არა შეთანხმებულად ფასებზე და რამდენად არის მათი ქცევა კეთილსინდისიერი მომხმარებელთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, მთავრობა უახლოეს პერიოდში საქართველოში საწვავის გაიაფებას ელის. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის იმპორტიორები პირობას დებენ, რომ აგვისტოს ბოლომდე ფასებს შეამცირებენ