LIVE

ნოემბერში რუსეთიდან $316 მილიონზე მეტი გადმოირიცხა, ზრდა 819%-ია

15 დეკ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 823
ნოემბერში რუსეთიდან $316 მილიონზე მეტი გადმოირიცხა, ზრდა 819%-ია

ფულადი გზავნილების სტატისტიკაში კვლავ რუსეთი ლიდერობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში საქართველომ რუსეთიდან 316.14 მილიონი დოლარის გზავნილები მიიღო, რაც წლიურად 819.11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 521.2 მლნ დოლარი (1421.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით (313.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მთლიანი გზავნილების 61% რუსეთზე მოდის. ევროკავშირის ქვეყნები კი გზავნილებში 18%-იანი წილითაა წარმოდგენილი. წლიური ზრდის ტემპი ევროკავშირის ქვეყნებიდან 13.31%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები მიიღო. იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში ჯამურად 3.8 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის 12 თვეში მიღებულ თანხას ($2.3 მლრდ) დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარით აღემატება. მხოლოდ რუსეთიდან 2022 წლის 11 თვეში 1.8 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა.

უფრო დეტალურად, ნოემბერში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 

  • რუსეთის ფედერაცია - $316.1 მლნ / წლიური ზრდა 819%;
  • იტალია - $35.7 მლნ / ზრდა 11.5%;
  • აშშ - $28.8 მლნ / ზრდა 20%;
  • ყირგიზეთი - $19.5 მლნ / ზრდა 206.5%;
  • საბერძნეთი - $18.7 მლნ / კლება 1.6%;
  • ისრაელი - $17.2 მლნ / ზრდა 1.4%;
  • გერმანია - $15.4 მლნ / ზრდა 41.4%;
  • ყაზახეთი - $10.6 მლნ / ზრდა 13.7%;
  • თურქეთი - $8.7 მლნ / ზრდა 4.6%.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ არსებობდა მოლოდინი, რომ საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდებოდა. აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებდა, რომ უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საქართველოში ფულადი გზავნილები წელს $1.8 მილიარდამდე შემცირდებოდა, თუმცა საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების მზარდი ნაკადის პარალელურად, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდა.

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში რუბლს გზავნის, დოლარში ახურდავებს, უცხოურ ვალუტას რუსეთში აბრუნებს და მოგების მიზნით შავ ბაზარზე ყიდის. PMC-ის განმარტებით, ეს ფაქტორი შესაძლოა რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მკვეთრი მატების მიზეზი იყოს.