LIVE

ერთ წელში პური 24%-ით, ცხიმი 10%-ით, ხორცი და ხორცპროდუქტები კი 9%-ით გაძვირდა

02 დეკ 202211:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 661
ერთ წელში პური 24%-ით, ცხიმი 10%-ით, ხორცი და ხორცპროდუქტები კი 9%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.4% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.2%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 26%;
  • პური და პურპროდუქტები - 23.8%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 22%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 19.5%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 18.3%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 15.7%;
  • თევზეული - 13.6%;
  • ზეთი და ცხიმი - 10.1%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.1%;
  • ხილი და ყურძენი - 6.9%.

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.4%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (34.1%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.8%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.6%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2%-ით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.2%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1%).

აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 10.6% შეადგინა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 9.5%- გაუტოლდება. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაცია კლებას 2023 წლის თებერვლიდან დაიწყებს. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას არ ელის. მისი განმარტებით, წლის ბოლო სხდომაზე, 21 დეკემბერს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მინიმუმ არსებულ, 11%-ზე შენარჩუნდება.