LIVE

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

21 დეკ 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 621
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

სებ-ის გადაწყვეტილების შედეგად, 184 400 მომხმარებელს სესხის პროცენტი არ შეეცვლება. პირველი ნოემბრის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე.

მარეგულირებლის განცხადებით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გლობალურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია და პანდემიისგან წარმოქმნილი მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა. თუმცა ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად ნავთობპროდუქტების ფასებმა მოიკლო. ამავდროულად, საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები სწრაფი ტემპით შემცირებას განაგრძობს, რაც იმპორტირებული პროდუქტების ფასებზეც უნდა აისახოს. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა და ნოემბერში 10.4% შეადგინა, მას შემცირების ტენდენცია აქვს. მოსალოდნელია, რომ, გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რამაც ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

სებ-ის განმარტებით, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ამავე დროს, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს და ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპის სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე მნიშვნელოვნად გადაჭარბების რისკებს ქმნის.

„საყურადღებოა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტიც. ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერია - რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. წინასწარი შეფასებით, ოქტომბრის ეკონომიკური ზრდა 8.3%-ია, მიმდინარე წლის პირველი ათი თვის საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა კი 10%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე ეკონომიკური აქტივობის დონე მის პოტენციურ დონეს აღემატება, რაც, საგარეო შემოდინებების შედეგად ლარის გაცვლითი კურსის გამყარების მიუხედავად, ინფლაციის შენელებას აფერხებს“, - აცხადებენ მარეგულირებელში.

სებ-ის განმარტებით, აღნიშნული რისკების საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს.

„მკაცრი პოლიტიკის ფონზე, მათ შორის ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება განაგრძო. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება. ამასთან, აშშ დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარულ პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრების ტენდენცია საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე პოლიტიკის გამკაცრების ეფექტს დამატებით აძლიერებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე დაანონსებული კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ზრდა საკრედიტო აქტივობაზე ასევე გამკაცრების მიმართულებით იმოქმედებს. ამავე დროს, მცირდება ფისკალური დეფიციტი. ამ ფაქტორების ერთობლიობა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს გაანეიტრალებს, რაც ინფლაციის შემცირებას უნდა დაეხმაროს. მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მარეგულირებლის განმარტებით, ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება და მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება. მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. სებ-ის შეფასებით, მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ასარიდებლად, საჭიროების მიხედვით, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებსაც გამოიყენებს.

შეგახსენებთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი წინა, 26 ოქტომბრის სხდომაზეც არ გაზარდა.

დღევანდელი სხდომა წელს ზედიზედ მეექვსე იყო, რაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე შენარჩუნდა. 

ცნობისთვის, ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა.