LIVE

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

26 ოქტ 202212:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 604
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

მარეგულირებლის გადაწყვეტილების შედეგად, 184 800 მომხმარებელს სესხის პროცენტი არ შეეცვლება. პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე.

სებ-ის შეფასებით, საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა, თუმცა ის ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა.

„ბოლო დროს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება - პროდუქტების ფასები და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება მცირდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი ზედიზედ 6 თვეა იკლებს. მოსალოდნელია, რომ გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რაც ინფლაციას შეამცირებს. თუმცა, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამავე დროს, ინფლაციის შემცირების რისკებს მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდით გადახრაც აძლიერებს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. 

სებ-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაზარდა. 

„რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3% შეადგინა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 10%-მდე გაიზარდა და, საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება. შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მარეგულირებლის ინფორმაციით, არსებული რისკის საპასუხოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება დაიწყო. ეროვნული ბანკი ელის, რომ ეს ეფექტი მომავალში გაძლიერდება. ამასთან, სებ-ის განცხადებით, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოში, დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ფიქსირებული ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, უცხოური ვალუტის დაკრედიტებაზე პოლიტიკის დამატებით გამკაცრების ეფექტი აქვს. მცირდება ფისკალური დეფიციტიც. მარეგულირებლის განმარტებით, ამ ფაქტორების ერთობლიობა მოთხოვნიდან მომავალ ინფლაციურ წნეხს გაანეიტრალებს, რაც ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.

სებ-ის შეფასებით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება, თუმცა ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება და, სამომავლოდ, მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება.

„მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ასარიდებლად, საჭიროების მიხედვით, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებსაც გამოიყენებს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი წინა, 14 სექტემბრის სხდომაზეც არ გაზარდა. უკვე ზედიზედ მეხუთე სხდომაა, რაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე შენარჩუნდა.

ცნობისთვის, ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5%-მდე გაიზარდა.