LIVE

გვენეტაძე: ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება

02 ნოე 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 710
გვენეტაძე: ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოში ინფლაცია კლებას 2023 წლის თებერვლიდან დაიწყებს.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, მოლოდინია, რომ იანვრის ჩათვლით ინფლაცია არსებულ დონეზე, ანუ ორნიშნა შენარჩუნდება.

„კლება თებერვლიდან უნდა იყოს. ამის წინაპირობები და განმაპირობებელი ფაქტორები არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული ნარჩუნდება, ამავე დროს, მივიღეთ მაკროპრუდენციული ზომები.

ვხედავთ, რომ მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ინდექსების კლებაა და ეს აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოში. პარალელურად, მყარია ლარის გაცვლითი კურსი, რომელსაც თავისი პირობები აქვს. მოგეხსენებათ, ტურიზმის აღდგენა საკმაოდ სწრაფად მოხდა, ამავე დროს, მიგრანტების შემოსვლამაც გავლენა იქონია. ვფიქრობ, ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში, თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შესამჩნევი შემცირება და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ინფლაციაზე ხელფასების ნომინალური ზრდის გავლენასთან დაკავშირებით, სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების გაანალიზებისას, ყურადღება ექცევა ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციასაც.

„როდესაც ვაანალიზებთ ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებს, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევთ და ჩვენ ანალიზში ვრთავთ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ხელფასებთან დაკავშირებითაც, რადგან, გარკვეულწილად ესეც მოთხოვნის ნაწილია. ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, ვინაიდან, თუ ინფლაცია მოლოდინებში გადაიზარდა, ნიშნავს, რომ შეიძლება შექმნას ინფლაციის და ხელფასების გაზრდის სპირალი, რაც რა თქმა უნდა, კარგი არ იქნება“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5%-მდე გაიზარდა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.