LIVE

ერთ წელში პური 26%-ით, ცხიმი 18%-ით, ხორცი და ხორცპროდუქტები კი 9%-ით გაძვირდა

03 ნოე 202211:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 683
ერთ წელში პური 26%-ით, ცხიმი 18%-ით, ხორცი და ხორცპროდუქტები კი 9%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.6% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.3%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • პური და პურპროდუქტები - 26.1%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 22.1%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 21.9%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 20.6%;
  • ზეთი და ცხიმი - 18.3%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 16.9%;
  • თევზეული - 12.3%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 3.5%;
  • ხილი და ყურძენი - 3.4%.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6%-ით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (13.2%).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.7%).

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5%-მდე გაიზარდა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 9.5%-ს გაუტოლდება. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაცია კლებას 2023 წლის თებერვლიდან დაიწყებს.

მარეგულირებლის შეფასებით, არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება და, სამომავლოდ, მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება. 

თუმცა, სებ-ის განმარტებით, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.