LIVE

ნოემბერში დოლარის ინდექსი, 2010 წლის შემდეგ, ყველაზე მეტად დაეცა

30 ნოე 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 486
ნოემბერში დოლარის ინდექსი, 2010 წლის შემდეგ, ყველაზე მეტად დაეცა

აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის გამოსვლამდე და ევროზონის ინფლაციის მაჩვენებლის გამოცხადების შემდეგ, აშშ დოლარი გაუფასურდა. 

დოლარის ინდექსი, რომელიც ზომავს დოლარის კურსს ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებით, 0.37%-ით დაეცა და $106.48 შეადგინა. 

მიმდინარე თვეში ინდექსი 4.3%-ით შემცირდა, რაც Refinitiv-ის მონაცემებით, 2010 წლის სექტემბრის შემდეგ, უდიდესი ვარდნაა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნოემბერში ევროზონაში ინფლაცია წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად შენელდა და 10% შეადგინა, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 0,4%-ით გამყარდა და $1,0367 შეადგინა.

პაუელი დღეს განცხადებას გაავრცელებს ეკონომიკურ პროგნოზისა და შრომის ბაზრის შესახებ. 

ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ინფლაციამ უკვე პიკს მიაღწია და ამერიკის ცენტრალური ბანკი მალე მიანიშნებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო მომავალ წელს სავარაუდო რეცესიაში შედის.

ბაზრებზე ინვესტორები 63%-ით უშვებენ, რომ 14 დეკემბერს Fed რეფინანსირების განაკვეთს მხოლოდ ნახევარი პუნქტით გაზრდის. 75 საბაზისო პუნქტით ზრდის შესაძლებლობას კი 36.5% უშვებს.