
საფასო წნეხი გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე შემსუბუქებულია, რაც ერთ-ერთი წინაპირობა უნდა გახდეს, რომ ისტორიულად მაღალი ინფლაცია დაღმასვლისკენ წავიდეს.
ეს კარგი ამბავი იქნება ცენტრალური ბანკებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, რამდენადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, მარეგულირებლებს მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრება უწევთ ინფლაციასთან გასამკლავებლად, რაც თავის მხრივ, რეცესიის საფრთხეებს ზრდის.
“როგორც ჩანს, ინფლაციამ მწვერვალს მიაღწია,“,- განუცხადა Moody’s Analytics-ის მთავარმა ეკონომისტმა, მარკ ზანდიმ FT-ს და დასძინა, რომ საფასო წნეხის შესუსტება მიწოდების ჯაჭვში, ასევე არეული ლოგისტიკის მეტნაკლები დალაგება, უახლოეს პერიოდში სამომხმარებლო ფასებსაც გადაეცემა.
ეს იმ ფონზე, როცა გლობალურმა ინფლაციამ რეკორდულ 12.1%-ს მიაღწია ოქტომბერში, Moody’s-ს შეფასებით.
ინფლაცია განვითარებად ბაზრებზე უკვე პიკშია, Capital Economics-ის თანახმად, სამომხმარებლო ფასებმა უკვე დაიწყო დაღმასვლა ბრაზილიაში, ტაილანდში და ჩილეში.
ამ ფონზე, გერმანიაში პროდუქციის პირველადი ღირებულება, საწარმოების დონეზე 4,2%-ით დაეცა ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, რაც თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი შემცირებაა 1984 წლის შემდეგ. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მწარმოებელთა ფასების წლიური ინფლაცია ზაფხულიდან მოყოლებული მცირდება.
ჯენიფერ მაკკეოუნი, Capital Economics-ის მთავარი გლობალური ეკონომისტი ელის, რომ ჯამური ინფლაცია გლობალურ დონეზე შემცირებას მომავალი წლიდან დაიწყებს იმ დაშვებით, რომ მოთხოვნის შემცირებასთან ერთად, უმეტეს ნედლეულზე ფასები დაიწევს. მისი თქმით, მიმდინარე წლის მაღალი ფასები ენერგომატარებლებზე ასევე შემსუბუქდება მომავალ წელს.
„ჩვენი შეფასებით, საკვების და ენერგომატარებლების ეფექტი ინფლაციაზე მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ჯამურად საშუალოდ 3 პროცენტულ პუნქტს მოაკლებს სამომხმარებლო ფასების ზრდის დონეს დაწინაურებულ ეკონომიკებში,“- განუცხადა მან FT-ს.
თუმცა, ზოგიერთი ეკონომისტი მაინც სიფრთხილით ეკიდება პროგნოზებს იმის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლების მაღალმა ღირებულებამ ინფლაციის კლება შესაძლოა შეანელოს.
“ნავთობის ფასი მიწოდების შეზღუდვების მიმართ სენსიტიური რჩება,“- აცხადებს სუსანა სტრიტერი, Hargreaves Lansdown-ის საინვესტიციო და მარკეტინგის უფროსი ანალიტიკოსი. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე მოსალოდნელი აკრძალვა დააჩქარებს საშუალო ინფლაციას ევროზონასა და დიდ ბრიტანეთში.
ამ ქვეყნებში კომუნალური გადასახადები შესაძლოა კვლავ გაიზარდოს, თუ ჩინეთის ეკონომიკა მკვეთრ აღდგენას დაიწყებს, ან თუ რუსეთი გააგრძელებს ექსპორტის შეზღუდვას დასავლეთის მიერ ნავთობის ექსპორტზე ფასის ზედა ჭერის დაწესების საპასუხოდ.
ამასობაში ნედლეულის და სხვა ინდიკატორების ფასი, რომლებსაც ძირითადი წვლილი აქვთ მაღალ ინფლაციაში, ეცემა. FAO-ს საკვების ფასების ინდექსის ზრდა ოქტომბერში შენელდა და წლიურად 1.9% შეადგინა, მაშინ როცა 2021 წლის მაისში პიკურ 40%-ს აღწევდა. TTF ბენჩმარკის ფასი ევროპულ გაზზე €130-ზე ნაკლებია, მაშინ როცა აგვისტოს პიკზე €311-ს აღწევდა და სხვა ნედლეულის ფასების უმეტესობაც პიკურ მაჩვენებელს მკვეთრად ჩამოსცდა.
ამავდროულად, გლობალური გადაზიდვების ფასებიც უბრუნდება ნორმალურ, პრე-პანდემიურ მაჩვენებელს ლოკდაუნების შედეგად გახუთმაგებული ნიშნულიდან. ცენტრალური ბანკების მიერ აგრესიულად გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ ინვესტორების მოლოდინები ინფლაციის ზრდასთან მიმართებაში შეარბილა. შედეგად, აშშ-ს ინფლაცია იმაზე მეტად შენელდა ოქტომბერში, ვიდრე ეკონომისტები ელოდნენ. დიდ ბრიტანეთში, ევროზონასა და ავსტრალიაში კი ფასების ზრდის პიკს მიმდინარე კვარტალში ელიან, შემდეგი ეტაპი დაღმასვლა უნდა იყოს. Reuters-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ევროზონის ინფლაცია ნოემბერში 10.4%-ს მიაღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით (10.6%) უკვე შენელებული მაჩვენებელი იქნება.