LIVE

მასკის ულტიმატუმის შემდეგ, თანამშრომლები Twitter-ს ტოვებენ - ოფისები იხურება

18 ნოე 202212:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 473
მასკის ულტიმატუმის შემდეგ, თანამშრომლები Twitter-ს ტოვებენ - ოფისები იხურება

Twitter-ს, სავარაუდოდ, ასობით თანამშრომელი ტოვებს, მას შემდეგ, რაც კომპანიის ახალმა მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დასაქმებულებს ულტიმატუმი წაუყენა და „დამატებითი საათების განმავლობაში მაღალი ინტენსივობით“ მუშაობა ან სამსახურის დატოვება მოსთხოვა. 

Reuters-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების ოფიცრებმა გუშინ საღამოს თანამშრომლების ოფისებიდან გაძევება დაიწყეს. 

BBC წერს, რომ Twitter-მა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანიის ოფისები დროებით, 21 ნოემბრამდე იხურება. მედიის ინფორმაციით, კომპანიამ თანამშრომლებს მიმდინარე საკითხებზე საუბარი აუკრძალა. 

თანამშრომლების სამსახურიდან წასვლას მასკი Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ეს საკითხი არ აწუხებს, რადგან „საუკეთესო ხალხი დარჩება“. 

მილიარდერმა მფლობელმა დაამატა, რომ Twitter-ის მოხმარების სიხშირე რეკორდულ დონემდე გაიზარდა.

Twitter-ისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას BBC შეეცადა, თუმცა კომპანიამ, რომელსაც თანამშრომლები კომუნიკაციის გუნდშიც დააკლდა, მედიის მოთხოვნას არ უპასუხა. 

უცნობია რამდენმა ადამიანმა მიიღო კომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილება, თუმცა აპლიკაცია Blind-ის გამოკითხვის თანახმად, კომპანიის 180 თანამშრომლიდან 42%-მა სამსახურის დატოვება არჩია, მეოთხედი ამბობს, რომ დარჩება, თუმცა „უხალისოდ“, გამოკითხულთა მხოლოდ 7% ამბობს, რომ მასკის წინადადება მისაღებია. 

გასულ კვირას ილონ მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის გაკოტრებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, Twitter ვერ გადაურჩება მომავალ ეკონომიკურ ვარდნას, თუ ის შემცირებულ სარეკლამო შემოსავალს გამოწერებით მიღებული შემოსავლით არ აანაზღაურებს. მისი განცხადებით, კომპანიამ მომავალ წელს შეიძლება მილიარდობით დოლარი დაკარგოს. 

ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის შესახებ $44-მილიარდიანი გარიგება გასული თვის ბოლოს დაასრულა. კომპანიის ყიდვის შემდეგ კი განაცხადა, რომ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი თვითონ იქნება.

ილონ მასკმა კომპანიის ყიდვის შემდეგ, თანამშრომლების ნახევარი გაათავისუფლა. მათ შორის აღმოჩნდა ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი გუნდი, რაც უარყოფითად შეფასდა

პარალელურად ქსელს მსხვილი კომპანიები ტოვებენ. მათთვის მიუღებელია ახალი მფლობელის გადაწყვეტილებები, რომლებიც თანამშრომლების ნახევრის გათავისუფლებას, ფასიანი ვერიფიკაციის სერვისის შემოღებას და რეკლამის მოდერაციის პოლიტიკის შემსუბუქებას გულისხმობს, რამაც ქსელში ყალბი ანგარიშების გამრავლება გამოიწვია. ამავდროულად, მასკის სურვილი, ქსელი სიტყვის თავისუფლების ადგილად იქცეს, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გავრცელების რისკს ზრდის.