LIVE

მასკი Twitter-ის გაკოტრებას არ გამორიცხავს

11 ნოე 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 569
მასკი Twitter-ის გაკოტრებას არ გამორიცხავს

ილონ მასკი Twitter-ის გაკოტრებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მილიარდერმა კომპანიის თანამშრომლებთან პირველ მასშტაბურ შეხვედრაზე განაცხადა.

Reuters-ის ინფორმაციით, მანამდე მასკმა პირველი ელფოსტით გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ Twitter ვერ გადაურჩება მომავალ ეკონომიკურ ვარდნას, თუ ის შემცირებულ სარეკლამო შემოსავალს გამოწერებით მიღებული შემოსავლით არ აანაზღაურებს. მისი განცხადებით, კომპანიამ მომავალ წელს შეიძლება მილიარდობით დოლარი დაკარგოს. 

მასკმა წერილით თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმის დასრულების შესახებაც გააფრთხილა. მისი თქმით, თანამშრომლები ვალდებული არიან, რომ ოფისში კვირაში მინიმუმ 40 საათი გაატარონ.

გამოცემა ასევე წერს, რომ კომპანია დატოვა იოელ როტმა, რომელიც ქსელში პასუხისმგებელი იყო სიძულვილის ენის, დეზინფორმაციისა და სპამის წინააღმდეგ ბრძოლაზე. გუშინ მან Twitter-ის პროფილი განაახლა და დაწერა, რომ ის კომპანიის ნდობისა და უსაფრთხოების მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელია.

სამსახურიდან წასვლის შესახებ გუშინ კომპანიის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა. Twitter-ის საინფორმაციო უსაფრთხოების მთავარმა ოფიცერმა ლეა კისნერმა დაწერა, რომ მან თანამდებობა დატოვა.

მედიის ინფორმაციით, კონფიდენციალურობის მთავარი ოფიცერი დემიენ კირანი და მთავარი შესაბამისობის ოფიცერი მარიან ფოგარტი ასევე გადადგნენ თანამდებობიდან. 

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) განაცხადა, რომ "ღრმა შეშფოთებით" ადევნებს თვალს Twitter-ში მიმდინარე მოვლენებს მას შემდეგ, რაც თანამდებობა კონფიდენციალურობისა და შესაბამისობის დაცვის სამმა ოფიცერმა დატოვა, რადგან ეს ზრდის მარეგულირებლის ბრძანებების დარღვევის ალბათობას. 

FTC-ს განცხადებას გამოეხმაურა მასკის ადვოკატი, ალექს სპირო, რომელმაც განაცხადა, რომ მარეგულირებელთან კონსტრუქციული დიალოგი აქვთ და რეგულაციების დაცვაზე პასუხისმგებელია კომპანია და არა ცალკეული თანამშრომლები. 

ილონ მასკმა კომპანიის ყიდვის შემდეგ, თანამშრომლების ნახევარი გაათავისუფლა. მათ შორის აღმოჩნდა ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი გუნდი, რაც უარყოფითად შეფასდა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა Twitter-ის ახალ მფლობელს, ილონ მასკს ღია წერილი გაუგზავნა და ორგანიზაციაში ადამიანების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.