LIVE

ბანკმენ-ფრიდი Vox-ს: FTX-ის გაკოტრების შესახებ განაცხადი შეცდომა იყო

17 ნოე 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 607
ბანკმენ-ფრიდი Vox-ს: FTX-ის გაკოტრების შესახებ განაცხადი შეცდომა იყო

ჩამოშლილი კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი სემ ბანკმენ-ფრიდი გაკოტრების შესახებ გაკეთებულ განაცხადს ნანობს. 

როგორც ბანკმენ-ფრიდი Vox-თან ინტერვიუში ამბობს, ეს განაცხადი რომ არა, კლიენტები თანხის გატანას ერთ თვეში შეძლებდნენ.

ინტერვიუში მან მარეგულირებლების ნეგატიურ როლზეც ისაუბრა. 

"მარეგულირებლები ყველაფერს აუარესებენ. ისინი საერთოდ არ იცავენ მომხმარებლებს", - თქვა ბანკმენ-ფრიდმა.

კომპანიამ ახალი დამოუკიდებელი დირექტორები დანიშნა თავის ხუთ შვილობილ კომპანიაში, მათ შორის, Alameda Research-ში. გაკოტრების პროცესის მართვაზე ახლა ახალი დირექტორები და ახლად დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი ჯონ რეი მუშაობენ.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რეი წერს, რომ FTX-ში, FTX US-ში ან Alameda Research-ში ბანკმენ-ფრიდს მოქმედი თანამდებობა არ აქვს და ის კერძო აზრს გამოხატავს. 

FTX-მა განაცხადა, რომ თანამშრომლობს ათობით გლობალურ მარეგულირებელთან, მათ შორის აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან. 

Vox-ის მიერ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ბენკმენ-ფრიდმა თქვა, რომ ინტერვიუს დროს ნათქვამი ზოგიერთი განცხადება დაუფიქრებელი იყო და მედია არასაჯარო საუბრის გამოქვეყნებაში დაადანაშაულა. 

"მარეგულირებლის როლი ნამდვილად რთულია. მათ აქვთ შეუსრულებელი მისია: დაარეგულირონ მთელი რიგი ინდუსტრიები, რომლებიც იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ამას მათი მანდატი უშვებს", - დაწერა მან Twitter-ზე და დასძინა, რომ Vox-ის რეპორტიორთან საუბარი გამოქვეყნებისთვის გამიზნული არ ყოფილა. 

თავის მხრივ, Vox-ის სპიკერი ბანკმენ-ფრიდის კომენტარს უარყოფს. მისი განცხადებით, რესპონდენტი ინფორმირებული იყო, რომ განცხადებების გამოქვეყნება იგეგმებოდა. 

ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტობირჟამ FTX-მა გაკოტრების შესახებ ამ თვის დასაწყისში განაცხადა. კრიპტო ბირჟა FTX-ის კოლაფსის შედეგად, მომხმარებლების კუთვნილი სულ მცირე $1 მილიარდი გაქრა.

Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბირჟის დამფუძნებელმა, სემ ბანკმენ-ფრიდმა ფარულად გადარიცხა კლიენტების კუთვნილი $10 მილიარდი FTX-დან ბანკმენ-ფრიდის კომპანია Alameda Research-ში, რის შემდეგაც ამ თანხის დიდი ნაწილი დაიკარგა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, დაკარგული თანხა დაახლოებით $1.7 მილიარდია, მეორემ კი თქვა, რომ სხვაობა $1-დან $2 მილიარდამდე იყო. 

FTX ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ "დაუზუსტებელი განცხადებების" გამო, მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. FTX-ის ლიკვიდურობის პრობლემა დიდი ოდენობით თანხის გატანამ შეუქმნა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია. 

მოგვიანებით, 8 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობდა, თუმცა საბოლოოდ Binance-მა გარიგებაზე უარი თქვა