
რუსული სწრაფი კვების ქსელი "გემრიელი და წერტილი" აცხადებს, რომ საერთაშორისო ბრენდი ხდება, რადგან ის ბელარუსში შედის.
"ახალ ბაზარზე შევდივართ. ახლა "გემრიელი და წერტილი" იმუშავებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ბელარუსშიც", - ამბობს სწრაფი კვების ქსელის მფლობელი ალექსანდრე გოვორი.
რუსული სახელმწიფო მედიასაშუალების, TASS-ის ცნობით, ქსელი რუსეთის მოკავშირე ქვეყნის ექვს ქალაქში 25 ფილიალის გახსნას გეგმავს.
"გემრიელი და წერტილი" რუსეთიდან McDonald's-ის გასვლის შემდეგ გამოჩნდა. რუსულ ქსელს გახსნის დღიდან მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. კარტოფილის დეფიციტის გამო, რესტორნების ნაწილში გაყიდვიდან კარტოფილი ფრი ამოიღეს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ 1000-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა.