დასაქმების სააგენტო HR.GE-ის რეგიონული მენეჯერის, ინგა შახბაზიანის თქმით, ბოლო პერიოდში დასაქმების პორტალებზე მკვეთრად გაიზარდა ვაკანსიები, სადაც ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა რუსული ენის ცოდნაა.
როგორც მან "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, რუსული ენის ცოდნაზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, არ ქვეყნდება ვაკანსიები, სადაც დაკონკრეტებულია, რომ რუსეთის ან ბელარუსის მოქალაქეებს ანიჭებენ უპირატესობას.
"მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსული ენის ცოდნაზე მოთხოვნა. თუმცა, ცალკე ვერ გამოვყოფ ვაკანსიებს, სადაც ეძებენ ვთქვათ, რუსებს ან ბელარუსებს ან რუსულ ენოვან კადრს.
ზოგადად, საკმაოდ გააქტიურებულია შრომითი ბაზარი და ვაკანსიების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მომატებულია. რაც შეეხება თვითონ მოთხოვნად სფეროებს, ზოგადად ყველაზე აქტიური მაინც გაყიდვების კატეგორიაა. მეორე ადგილს იკავებს ჰორეკა სექტორი, სასტუმრო და კვების მიმართულებით. კერძოდ, გაყიდვებზე მოდის ვაკანსიების 24%, ჰორეკა სექტორზე 18%, შემდეგ არის საბანკო და საფინანსო სფერო, რომელიც დაახლოებით 14%-ს წარმოადგენს“, - ამბობს HR.GE-ს რეგიონული მენეჯერი, ინგა შახბაზიანი.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მარტი-სექტემბრის პერიოდში, საქართველოს საზღვარი 1 018 912-მა რუსმა გადმოკვეთა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მონაცემები 431%-ითაა გაზრდილი.
იმ ფონზე, რომ საქართველოში არაერთი სექტორი კადრების დეფიციტის პრობლემის წინაშეა, ბიზნესის ნაწილი გამოსავალს მიგრანტების დასაქმებაში ხედავს.