LIVE

კადრების გადინებას ვერ შევაჩერებთ - რაც ფიქრობს ბიზნესი ხაზარაძის ინიციატივაზე

21 ოქტ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 792
კადრების გადინებას ვერ შევაჩერებთ - რაც ფიქრობს ბიზნესი ხაზარაძის ინიციატივაზე

ბიზნესის ნაწილი სკეპტიკურად აფასებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ კადრების გადინების პრობლემის მოსაგვარებლად კერძო სექტორი გაერთიანდეს და დასაქმების ერთიანი პლატფორმა შეიქმნას.

როგორც "რესტორატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ქვეყანაში არასტაბილურობის განცდა მწვავე პრობლემად იქცა და სწორედ ესაა მზარდი ემიგრაციის მთავარი მიზეზიც. მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას სახელმწიფოს პოლიტიკური ნებისა და ჩართულობის გარეშე, ცალკეული ბიზნეს სუბიექტები ვერ შეძლებენ.

"რაც არ უნდა გავერთიანდეთ, მთავრობის ჩართულობის და აქტიურობის გარეშე, ამ სერიოზული პრობლემის მოგვარებას ჩვენ ვერ შევძლებთ. ქვეყანას ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს არა დაბალი ანაზღაურების, არამედ ზოგადად არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო. არასტაბილურობის და უიმედობის განცდა აქვს უმრავლესობას. ამიტომ, კადრების გადინება გარდაუვალი პროცესია და ჩვენ ამას ვერ შევაჩერებთ. მათი ჩანაცვლება კი მოხდება უცხოელი მიგრანტებით, რომლებიც უკვე ასე ბევრნი არიან", - აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე.

ბიზნესის დიდი ნაწილი რომ იძულებულია ადგილობრივი კადრები უცხოელი მიგრანტებით ჩაანაცვლოს, ამ მოსაზრებას იზიარებს "პაცცას" დამფუძნებელი, არჩილ ზამბახიძეც. მისივე თქმით, საქართველოში ახლა ზუსტად ის პროცესები მიმდინარეობს, რაც თავის დროზე განვითარებულმა ქვეყნებმა გაიარეს.

"ამერიკა ემიგრანტების ქვეყანაა. დღემდე არალეგალურად საზღვრის გადაკვეთა თითქმის პრობლემის გარეშეა შესაძლებელი, რატომ? - იმიტომ კი არა, რომ ამის მოგვარება უჭირთ, არამედ იმიტომ რომ ესაა იაფი მუშახელის წყარო. ზუსტად, იგივე პროცესს გადის ახლა საქართველო. შემოდის ათასობით უცხოელი მიგრანტი და ბიზნესი, რომელსაც კადრი აღარ ჰყავს, იძულებულია ის დაასაქმოს. მით უმეტეს, უფრო დაბალ ანაზღაურებაზეც თანახმა არიან", - ამბობს არჩილ ზამბახიძე. 

ამასთან, ბიზნესის ნაწილი დადებითად აფასებს გარკვეული ტიპის საინფორმაციო პლატფორმის შექმნის იდეას. როგორც სასტუმრო „კოსტეს“ დამფუძნებელი, თამარა ბაღდავაძე განმარტავს, მსგავსი ტიპის გამოცდილება ბევრ ქვეყანას აქვს, თუმცა მისი შეფასებით, სისტემური პრობლემის მხოლოდ ამ გზით მოგვარება შეუძლებელია.

"დასაქმების პლატფორმას თუ გარკვეული ინფორმაციული დატვირთვა ექნება, მაგალითად  გაუმარტივდეს სად როგორი კადრია საჭირო, ასეთი პრაქტიკის დამატება შესაძლებელია. თუმცა, მსგავსი ტიპის პლატფორმაც მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი მაინც ვერ იქნება. საქმე იმაშია, რომ კადრების ასეთი დეფიციტი არასდროს გვქონია. ორი კვირა ისე გადის, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე არავინ გვეხმაურება. ეს უდიდესი გამოწვევაა", - აღნიშნავს თამარ ბაღდავაძე.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ძალა პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით, წლიურ ჭრილში 6.8%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს რომ ქვეყანას 102 500 შრომისუნარიანი მოქალაქე გამოაკლდა. კლების ტენდენცია შეინიშნება წინა კვარტალთან შედარებითაც, სამუშაო ძალა 45 400 ადამიანით შემცირდა და ჯამურად მილიონ-ნახევარი ადამიანი შეადგინა.

2010-2020 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 861 ათასი ადამიანი წავიდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად, ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობა 10 წელში 7%-ით გაიზარდა.