LIVE

ეკონომიკის სამინისტრო სატრანსპორტო სექტორში 10 თვის მაჩვენებლებით რეკორდზე აცხადებს

16 ნოე 202611:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 54
ეკონომიკის სამინისტრო სატრანსპორტო სექტორში 10 თვის მაჩვენებლებით რეკორდზე აცხადებს

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ტრანსპორტის სექტორში იანვარ-ოქტომბრის სტატისტიკა ათწლეულის რეკორდზეა.

უფრო კონკრეტულად, სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად 17.1 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წლიურად 24%-იანი ზრდაა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში წლის პირველი 10 თვის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"ამავე პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 690,535 TEU შეადგინა , 10%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში, რაც პირველი 10 თვის ჭრილში დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმია," აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე სატრანსპორტო სექტორის სტატისტიკას აღარ აქვეყნებს, შესაბამისად ჩაშლილი მაჩვენებლები ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა საქსტატის მონაცემებს თუ შევხედავთ, 2025 წელს საქართველოს ნავსადგურებმა 16,6 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს. ეს მაჩვენებელი 17 მილიონ ტონას აჭარბებდა 2021 წელს. 

რაც შეეხება გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობას, ეს მაჩვენებელი საქსტატის თანახმად, შარშან 745,483 TEU იყო, ხოლო მიმდინარე წლის ორ კვარტალში - 409,639 TEU. გამოდის, რომ ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 280,896 TEU-ა.

ეკონომიკის სამინისტრო ასევე ამბობს, რომ რეკორდული შედეგები დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაშიც და წლის პირველ 10 თვეში რკინიგზით ჯამურად 12.4 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. სამინისტროს შეფასებითვე, 10 თვეში ეს მაჩვენებელი ბოლო 12 წლის "ისტორიული მაქსიმუმია".

საქსტატის თანახმად, პირველ კვარტალში სარკინიგზო გადაზიდვებს კლება ჰქონდა, მეორე კვარტალში - ზრდა. პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3.0 მილიონი ტონა ტვირთი, ხოლო მეორე კვარტალში - წლიურად 19.9 პროცენტით მეტი, სულ 3.9 მილიონი ტონა ტვირთი. მესამე კვარტლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. 

2025 წელს კი, 2024 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილ ტვირთებს 3%-იანი კლება ჰქონდა - გადაიზიდა სულ 13.3 მლნ. ტონა ტვირთი. 

"2026 წლის 20 ივნისი - 31 ოქტომბრის პერიოდში, როდესაც ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა სრულ ექსპლუატაციაში ჩაეშვა, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა," აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. 

გარდა ამისა, სამინისტრო ამბობს, რომ ათ თვეში "ისტორიულად რეკორდული ზრდა დაფიქსირდა" საავტომობილო ტრანსპორტშიც და საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 13.3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 პროცენტიანი ზრდაა.

რაც შეეხება ავიაციას, იანვარ- ოქტომბერში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 38.3 ათას ტონა ტვირთს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-იან ზრდას წარმოადგენს და "პირველი 10 თვის ჭრილში ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია. ათი თვისთვის რეკორდულია აეროპორტებში 7.4 მლნ მგზავრიც (+2%, წწ).