LIVE

ომის დაწყების შემდეგ საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გადმოკვეთა

20 ოქტ 202212:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 1117
ომის დაწყების შემდეგ საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გადმოკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-სექტემბრის პერიოდში, საქართველოს საზღვარი 1 018 912-მა რუსმა გადმოკვეთა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მონაცემები 431%-ითაა გაზრდილი.

უცნობია რამდენი მათგანი დარჩა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ.

მხოლოდ სექტემბერში საქართველოში რუსეთის 222 274 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 511%-ით აღემატება.

მარტი-სექტემბრის პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დინამიკა ასეთია:

  • მარტი - 45 068 რუსეთის მოქალაქე;
  • აპრილი - 48 797 რუსეთის მოქალაქე;
  • მაისი - 69 772 რუსეთის მოქალაქე;
  • ივნისი - 135 457 რუსეთის მოქალაქე;
  • ივლისი - 236 734 რუსეთის მოქალაქე;
  • აგვისტო - 260 810 რუსეთის მოქალაქე;
  • სექტემბერი - 222 274 რუსეთის მოქალაქე.

აპრილი-სექტემბრის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზეა. სექტემბერში მეორე პოზიციაზე იყო სომხეთი, შემდეგ მოდიოდა თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, უკრაინა და ირანის ისლამური რესპუბლიკა.

2022 წლის სექტემბერში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 1 797 686-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 70% უცხოელი იყო, 30% კი - ქართველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სექტემბერში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. შემდეგ იყო ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს, რადგან მისი განმარტებით, არსებული სავიზო რეჟიმი ლიბერალურია და შესაძლოა, ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს

„ფორმულას“ კითხვაზე, მსჯელობს თუ არა მთავრობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცვლილების შესახებ, მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები, რაშიც სავიზო რეჟიმიც მოიაზრება, გამოწვევებს პასუხობს.