LIVE

მასკი Twitter-ის თანამშრომლების 75%-ის გათავისუფლებას გეგმავს

21 ოქტ 202211:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 304
მასკი Twitter-ის თანამშრომლების 75%-ის გათავისუფლებას გეგმავს

ილონ მასკი Twitter-იდან დასაქმებულების 75%-ის გათავისუფლებას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ ის სოციალური მედიის კომპანიის მფლობელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post მოპოვებულ დოკუმენტებსა და საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის თანახმად, მასკმა პოტენციურ ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანიის 7500 თანამშრომლიდან დაახლოებით 5600-ს დაითხოვს და მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან კადრებს დაიტოვებს.  

საკითხზე მასკს კომენტარი არ გაუვრცელებია.  

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილების შემცირება მოსალოდნელი იყო და ამაზე თავად მასკიც მიანიშნებდა, დასახელებული რიცხვები მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. 

ანალიტიკოსების აზრით, კადრების ასეთი მკვეთრი შემცირება კომპანიას, სავარაუდოდ, წლების უკან დააბრუნებს.

ოქტომბრის დასაწყისში ილონ მასკმა განაცხადა, რომ მზადაა, Twitter ისევ შეიძინოს და ამისთვის თავდაპირველად შეთავაზებული ფასი - აქციაში $54,20 გადაიხადოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სასამართლო დავას შეაჩერებს. გარიგება, სავარაუდოდ, თვის ბოლოს შედგება. 

მიმდინარე წლის აპრილში ილონ მასკი Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვას დათანხმდა, რაც ნიშნავდა, რომ ინვესტორები Twitter-ის თითოეული აქციისთვის $54,20-ს მიიღებდნენ. თუმცა ივლისის დასაწყისში მან გარიგებას შეწყვეტის შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად სოციალური ქსელის მხრიდან მრავალჯერადი დარღვევები დაასახელა.  

კომპანიამ გარიგების გაწყვეტის გამო, მილიარდერს უჩივლა და შეთანხმების შესრულების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა.