LIVE

საბანკო ანგარიში, ბიზნესის რეგისტრაცია - რამდენად მარტივია რუსებისთვის პროცედურები

25 მარ 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 2578
საბანკო ანგარიში, ბიზნესის რეგისტრაცია - რამდენად მარტივია რუსებისთვის პროცედურები
The New York Times

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ათიათასობით მოქალაქე შემოვიდა. რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა, საქართველოში ცხოვრების პარალელურად, ბიზნესიც დაარეგისტრირა.  

„ბიზნეს ფორმულა“ დაინტერესდა რამდენად მარტივია საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის საბანკო ანგარიშების გახსნა, ქონებისა და  ბიზნესის რეგისტრაცია და რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლიათ მათ ქვეყანაში უვიზოდ ყოფნა. 

უვიზო რეჟიმი

საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ. 

ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაახლა ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის დოკუმენტი, თუმცა რუსეთთან უვიზო რეჟიმის ცვლილება არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ვადით, უვიზო რეჟიმის გამოყენებით საქართველოში დარჩენის შესაძლებლობის გარდა, არსებობს ბინადრობის ნებართვის რამდენიმე სახე, ისინი ერთმანეთისგან მოქმედების ვადის მიხედვითაც განსხვავდება. სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ ბინადრობის უფლების კონკრეტული სახეობის მიღების შესაძლებლობა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წევრმა 30-მდე ორგანიზაციამ ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა რუსეთთან

საბანკო ანგარიში

საქართველოში რუსეთის ყველა მოქალაქეს, გარდა სანქცირებული პირისა, შეუძლია გახსნას საბანკო ანგარიში და მიიღოს შესაბამისი მომსახურება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომერციული ბანკის ნებაზეა დამოკიდებული, რადგან „კომერციული ბანკების შესახებ საქართველოს კანონით“ მას უფლება აქვს, მომხმარებელს ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრას. საქართველოში რამდენიმე ბანკმა რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ეს უფლება უკვე გამოიყენა. კონკრეტულმა კომერციულმა ბანკებმა რუსებს ანგარიშის გახსნაზე, უარი უთხრეს, ან სანაცვლოდ გარკვეული პირობების შესრულება მოსთხოვეს, მათ შორის იმის აღიარება, რომ რუსეთი ოკუპანტია.   

რაც შეეხება საბანკო ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებს, AML-ის მოთხოვნითა და საერთაშორისო პრაქტიკით, ბანკი ვალდებულია აკონტროლოს საეჭვო ტრანზაქციები და თუ ეს მოსალოდნელია, პირის შესახებ ინფორმაცია შეისწავლოს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მიდგომა ერთგვაროვანი არ არის. რისკის კატეგორიის კონტროლი ყველა ბანკში ინდივიდუალურია და შიდა რეგულაციას ექვემდებარება. ასევე, შესაძლებელია, ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით, ბანკის აქციონერს, მაგალითად, საფინანსო ინსტიტუტს ჰქონდეს გარკვეული წესი, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა.  

ანგარიშის გახსნის დროს თუ უცხო ქვეყნის და მათ შორის რუსეთის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია გადამოწმებადია, ან არ არის გადამოწმებადი, მაგრამ ბანკში გამოკითხვისას საეჭვოდ არაფერი ჩაითვალა, საფინანსო ინსტიტუტმა მას ანგარიში შესაძლოა, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გაუხსნას.

იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი პირის მიმართ კითხვები გაჩნდა, ან რომელიმე ქვეყნიდან საქართველოში ანგარიშის გახსნის მსურველთა რაოდენობა უეცრად გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ რისკის კატეგორია იწევს, მოქალაქეებს შესაძლოა, ანგარიშის გასახსნელად ბანკში სხვადასხვა დოკუმენტის წარდგენა მოუწიოთ. მათი ჩამონათვალი კი ყველა საფინანსო ინსტიტუტში სხვადასხვაა. 

ბიზნესის რეგისტრაცია

საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია უცხო ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მოქალაქისთვის მარტივია. მეტიც, საჯარო რეესტრში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, რომ ბიზნესის რეგისტრაცია სანქცირებულ რუსებსაც შეუძლიათ.

იუსტიციის სახლს მხოლოდ 3 დღეში (1-4 მარტს), ბიზნესის რეგისტრაციისთვის 201-მა რუსმა მიმართა. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ ინფორმაციით, რუსებს იურიდიულ პროცედურებში ხშირად ქართველებიც ეხმარებიან. ზოგი კი უძრავი ქონების გამოყენების უფლებასაც აძლევს. 

ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრში წარადგინოს ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც მოიცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და წესდებას.

სარეგისტრაციო მიზნებისთვის, სტანდარტული წესდების ქაღალდის, ან ელექტრონული ვერსიის საჯარო რეესტრში წარდგენა არ მოითხოვება. ხოლო, არასტანდარტული წესდების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული წესდების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა სავალდებულოა. თუ ბიზნესის რეგისტრაციის მსურველის მიერ გაკეთებული ჩასწორება კანონთან შესაბამისობაში არ იქნება, საჯარო რეესტრი მას დაახარვეზებს და რეგისტრაციის მსურველს შესწორებისთვის ერთ თვიან ვადას მისცემს.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ ბიზნესის რეგისტრაციის დროს სავალდებულოა მიუთითოს კომპანიის იურიდიული მისამართი. თუ კომპანიის დირექტორი, ან დამფუძნებელი კონკრეტულ მისამართზე არ არის რეგისტრირებული, მაშინ საჭიროა იმ პირის თანხმობა, რომლის კუთვნილი უძრავი ქონებაც იქნება კომპანიის იურიდიული მისამართი. ერთ სამუშაო დღეში ბიზნესის რეგისტრაციის ღირებულება 100 ლარია, იმავე სამუშაო დღეს რეგისტრაციის საფასური კი 200 ლარს შეადგენს.  

ქონების რეგისტრაცია

უცხო ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ყველა მოქალაქეს, საქართველოში კანონით ეკრძალება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა. სხვა ტიპის უძრავი ქონების, მათ შორის: ბინის, კერძო სახლის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ყიდვა კი, შეუძლია. 

კერძო სექტორის ნაწილი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველოში უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.