LIVE

ფინანსთა მინისტრი: რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ვხედავ

17 ოქტ 202215:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 503
ფინანსთა მინისტრი: რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ვხედავ

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ფორმულას“ კითხვაზე, მსჯელობს თუ არა მთავრობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცვლილების საკითხზე, მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები, რაშიც სავიზო რეჟიმიც მოიაზრება, გამოწვევებს პასუხობს.

„დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტებს, რაც არის საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შესაძლოა იყოს საუბარი, დღეს ამის საჭიროება არ არის“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

საპირისპიროდ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს, რადგან მისივე თქმით, არსებული სავიზო რეჟიმი ლიბერალურია და შესაძლოა, ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს.

კიშინეუში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ზურაბიშვილმა, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ ყველა კონტროლის მექანიზმია გამოყენებული, რათა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა არ იქცეს საფრთხედ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ 17-26 სექტემბერს საქართველოს საზღვარი 78 742-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ. იქამდე რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა მხოლოდ 90 დღით შეეძლოთ.