შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდეგ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა. შსს-ს ინფორმაციის თანახმად, ბოლო 10 დღეში საქართველოს საზღვარი 78 742-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა.
უწყებამ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, 17 სექტემბრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მიერ ყველა გამშვები პუნქტიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა-გადაკვეთის სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემები ასეთია:
17 სექტემბერი - 6986 გადმოკვეთა - 7406 გადაკვეთა;
18 სექტემბერი - 6606 - 6743;
19 სექტემბერი -6411 - 6782;
20 სექტემბერი - 5603 - 6199;
21 სექტემბერი - 6402 - 6011;
22 სექტემბერი- 6150 - 6050;
23 სექტემბერი - 9307 - 6214;
24 სექტემბერი - 9330 - 6249;
25 სექტემბერი - 11 143 - 5519;
26 სექტემბერი - 10 804 - 4947.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვის მიზნით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები, როგორც სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის პროცედურების შესრულების, ასევე, პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით.
ამასთან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების განმარტებით, ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ ხდება.
„როგორც ცნობილია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს. უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინსპექტირება/გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს. მაგალითად, ითვალისწინებს პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობას, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადებს და ა.შ. შესაბამისად, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს“, - აცხადებენ შსს-ში.
სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა ინსპექტირება/გამოკითხვა და მომატებული რაოდენობის პირობებში, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაადგილებისას გარკვეულწილად იწვევს რიგების წარმოქმნას, რაც, პარალელურად, რეგისტრაციისთვის დროის გაზრდილ მონაკვეთს საჭიროებს.