LIVE

რუსეთმა ევროპაში ნავთობის საზღვაო გადაზიდვების ბაზრის 60% დაკარგა

11 ოქტ 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 479
რუსეთმა ევროპაში ნავთობის საზღვაო გადაზიდვების ბაზრის 60% დაკარგა
Chris Ratcliffe

ევროპაში ზღვით გადასატანი რუსული ნედლი ნავთობის გაყიდვები, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 3/5-ით შემცირდა. შესაძლოა ორ თვეში ეს ბაზარი სრულად ჩამოიქცეს და უახლესმა სანქციებმა ნაკადების სხვა მიმართულებით გადასროლა კიდევ უფრო გაართულოს. 

7 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში ნედლი ნავთობის მიწოდება ევროპაში საშუალოდ დღეში 630,000 ბარელს შეადგენდა, რაც ომამდე არსებულ მონაცემებზე 1.62 მილიონით ნაკლებია.

რუსეთი ევროპულ ბაზარზე გამოთავისუფლებული სივრცის აზიით ჩანაცვლებას ცდილობს, რისთვისაც გემებს ბევრად დიდი დრო სჭირდებათ. შედარებისთვის, ინდოეთში ნავთობის გადამზიდ გემებს 4-ჯერ მეტი დრო ეხარჯებათ, ვიდრე ნიდერლანდებამდე სჭირდებოდათ, ხოლო 10-ჯერ მეტი, ვიდრე გდანსკამდე იყო საჭირო. 

უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, პუტინის წინააღმდეგ ევროკავშირის მხრიდან გატარებული უახლესი სანქციები ევროკავშირის ხომალდებით რუსული ნავთობის ნებისმიერი მიმართულებით გადაზიდვის აკრძალვასაც მოიცავს.

სანქციები ასევე გულისხმობს 5 დეკემბრიდან ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას, რომლის თანახმადაც, რუსული ნედლი ნავთობის მყიდველებს ევროპული ხომალდებით, დაზღვევითა და სხვა სერვისებით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ფასი, რომელსაც ისინი იხდიან, დაწესებულ ზღვარს არ აღემატება.

რუსეთის განცხადებით, არ მიყიდის ნავთობს არცერთ ქვეყანას, რომელიც ფასზე ზღვარს დაუწესებს. მოსალოდნელია, რომ მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში, რუსეთი გააღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს მთავარ კლიენტებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი. 

ამ სამ ქვეყანაში მიწოდებამ პიკს - დღეში 2.2 მილიონ ბარელს ივნისში მიაღწია, თუმცა 7 ოქტომბრამდე, ოთხი კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დღეში დაახლოებით 320,000 ბარელით შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯულიან ლი