LIVE

ნოვაკი: რუსეთი არ მიყიდის ნავთობს არცერთ ქვეყანას, რომელიც ფასზე ზღვარს დაუწესებს

06 ოქტ 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 273
ნოვაკი: რუსეთი არ მიყიდის ნავთობს არცერთ ქვეყანას, რომელიც ფასზე ზღვარს დაუწესებს

ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციების საპასუხოდ, რუსეთი აცხადებს, რომ არ მიყიდის ნავთობს არცერთ ქვეყანას, რომელიც ფასზე ზღვარს დაუწესებს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. 

ნოვაკის თქმით, რუსეთის ნავთობის ექსპორტზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება უკუშედეგს მოიტანს და შეიძლება ქვეყნის წარმოების დროებითი შემცირება გამოიწვიოს. 

"ფასის ზღვრის შემოღება ძალიან ცუდ პრეცედენტს ქმნის და პირველ რიგში, დააზარალებს მათ, ვინც რეალურად ამას აკეთებს. რუსეთისთვის ეს მექანიზმი მიუღებელია", - უთხრა ნოვაკმა Bloomberg-ს.  

რუსეთის ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ბაზარზე ასეთმა ჩარევამ შეიძლება ზოგიერთ რეგიონში დეფიციტი, გადაზიდვის ხარჯების ზრდა და მიწოდების შეფერხება გამოიწვიოს. 

მისივე თქმით, რუსეთის ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 2023 წელს 530 მილიონი ტონიდან 490 მილიონ ტონამდე შემცირდეს.  

ბაზრის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასების ზღვრის დაწესებამ შესაძლოა, რუსეთის ნავთობის მოპოვება დღეში 3 მილიონი ბარელით შეამციროს.  

"თუ ფასის ზღვარი დაწესდება და ნავთობის სხვა ბაზრებზე გადამისამართებას ვერ შევძლებთ, წარმოებას იმდენით შევამცირებთ, რამდენიც საჭირო იქნება. რუსეთი შეანელებს საექსპორტო ნაკადებს და მოძებნის ახალ მყიდველებს და როდესაც ეს მიწოდების ჯაჭვები შეიცვლება, ველით აღდგენას", - თქვა ნოვაკმა. 

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ გასულ თვეში განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვის გამო, თებერვლისთვის რუსეთის მიერ ნავთობის გამომუშავება შეიძლება დღეში 9,5 მილიონ ბარელამდე ჩამოვიდეს.

Bloomberg-ის გამოთვლებით, რუსეთმა სექტემბერში დღეში 10,7 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მოიპოვა.

გუშინ ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის სანქციების ახალი პაკეტი, სადაც მთავარი ზომა მესამე ქვეყნებში ნავთობის ფასის შეზღუდვაა. ინიციატივის ავტორი, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ამ ღონისძიების შედეგად რუსეთიდან მიწოდება არ შეწყდება, ამასთან, კრემლის შემოსავლები დაზარალდება.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მანუს კრენი, ჯეიმს ჰერონი და დინა ხრენიკოვა