LIVE

ნავთობის ფასის ზედა ზღვარი და სხვა ზომები - ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი მიიღო

05 ოქტ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 866
ნავთობის ფასის ზედა ზღვარი და სხვა ზომები - ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა რუსეთის სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც სხვა ზომებთან ერთად, მოიცავს მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისა და გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ფასის შეზღუდვას. ეს არის ბლოკის პირდაპირი პასუხი უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიაზე.    

ნავთობის ფასის ზღვარზე G7-ის ქვეყნები სექტემბრის დასაწყისშივე შეთანხმდნენ. ახლა საჭიროა, რომ ეს ევროკავშირის კანონმდებლობაში აისახოს, რათა მისი აღსრულება შესაძლებელი გახდეს. ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დასაწესებლად "სამართლებრივ საფუძველს" იძლევა.  

ფასის განსაზღვრისთვის ინიციატივა დაუბრუნდება G7-ს, რომელიც საკითხთან ერთად, სხვა პრაქტიკულ დეტალებს განსაზღვრავს. ჯერჯერობით უცნობია G7 ქვეყნების მიღმა, რამდენი ქვეყანა ჩაერთვება ახალ სქემაში, რაც პრაქტიკაში კარტელის ტოლფასია. 

"ნავთობის ზღვრის დაწესება ხელს შეუწყობს რუსეთის შემოსავლების შემცირებას და გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობას", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ კვირას სანქციების პაკეტის წარდგენისას

ინდოეთი და ჩინეთი ბოლო თვეებში მოსკოვისგან რუსულ ნავთობს აქტიურად ყიდულობენ და მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სარგებლობენ. Brent-სა და Urals-ის ნავთობს შორის ამჟამად სხვაობა $23-ია. 

დასავლეთის ქვეყნებს ასევე სურთ, რომ ევროპულ სადაზღვევო და გადამზიდავ კომპანიებს რუსული ტანკერებისთვის მომსახურება აეკრძალოთ.  

ბლოკის შეთანხმება ასევე მოიცავს სანქციების ზიანის შემამსუბუქებელ ზომებს ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც რუსული ნავთობის გადაზიდვაში წამყვანი დიდი ადგილი უკავია. ასეთია: საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა. 

ელჩებმა ასევე განიხილეს მათი შეშფოთება ბიზნეს შესაძლებლობების დაკარგვაზე, რადგან ეს ქვეყნები შიშობენ, რომ მათ ადგილს ლიბერია, პანამა ან მარშალის კუნძულები დაიკავებენ. 

სანქციების ახალი პაკეტით ფართოვდება რუსეთში ექსპორტისა და იმპორტის შეზღუდვები, ასევე იზრდება სანქცირებული რუსების სია. 

აკრძალვა შეეხება ევროკავშირის წარმოების საქონლის ექსპორტს, განსაკუთრებით ისეთ პროდუქტს, რომელიც რუსეთის არმიაში გამოიყენება, როგორიცაა ავიაცია, ელექტრონული და ქიმიური კომპონენტები. პროდუქციის ზუსტი სია საჯარო არ არის. 

სანქციების ფარგლებში, ევროკავშირის მოქალაქეებს რუსულ სახელმწიფო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობა ეკრძალებათ. 

გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ყველა ტიპის კრიპტო საფულეს და ანგარიშის გამოყენება. 

სანქციების მერვე პაკეტი ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ევა კრუკოვსკა, იან ბრატანიჩი და ნატალია დროზდიაკი