LIVE

აშშ-მა რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი დაასანქცირა

01 ოქტ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 534
აშშ-მა რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი დაასანქცირა

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ფართოვდება. კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ელვირა ნაბიულინას და ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკს. ასევე, ნაბიულინას პირველ მოადგილეს, ოლგა სკორობოგატოვას.

58 წლის ნაბიულინა, რომელიც პუტინის ეკონომიკური მრჩეველი იყო, რუსეთის ცენტრალურ ბანკს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. მიმდინარე წლის მარტში, 5-წლიანი ვადით არჩევამდე, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნაბიულინა გადადგომას ცდილობდა, მაგრამ ამის საშუალება პუტინმა არ მისცა.

პარასკევს გამოცხადებული სანქციები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და ეხება რუსეთის ოფიციალურ პირებს, მათ ოჯახებსა და ათეულობით ორგანიზაციას, რომლებიც ვაშინგტონის თქმით, ანექსიას ეხმარებიან.

სანქციები უწესდებათ რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიშუსტინისა და თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ოჯახებს, სახელმწიფო სათათბიროს 109 წევრს, რუსეთის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭო და მის 169 წევრს.

ამასთან, აშშ-მა სანქციები დაუწესა 14 სამხედრო მიმწოდებელს, „რუსეთის სამხედრო მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვის“.

სიაში მოხვდა 57 კომპანიაც რუსეთსა და ყირიმში, რომლებმაც შეიძინეს ან ცდილობდნენ შეეძინათ ამერიკული წარმოშობის ნივთები რუსეთის სამხედროებისთვის.

შეერთებულმა შტატებმა ასევე გააფრთხილა სხვა ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს, რომ გარკვეული სადამსჯელო ზომები მათზეც გავრცელდება რუსეთის ან ბელორუსის სამხედრო ან სამრეწველო მხარდაჭერის შემთხვევაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დანიელ ფლეტლი და სალეჰა მოჰსინი