LIVE

გერმანიაში ევროს შემოღების შემდეგ ორნიშნა ინფლაცია პირველად დაფიქსირდა

29 სექ 202217:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 607
გერმანიაში ევროს შემოღების შემდეგ ორნიშნა ინფლაცია პირველად დაფიქსირდა

გერმანიაში სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.9% შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 20 წლის წინ, ქვეყანა ევროს გამოყენებაზე გადავიდა.

გერმანიაში ინფლაცია იმ ფონზე დაჩქარდა, როცა მთავრობის დროებითი დახმარების ზომები ამოიწურა და ევროპის ენერგეტიკული კრიზისი გამწვავდა. 

ფედერალური სტატისტიკის ოფისის თანახმად, ორნიშნა მაჩვენებლის დაფიქსირებამდე, აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 8.8% შეადგინა.

ეკონომისტები გერმანიაში ინფლაციის ზრდას ზაფხულში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საწვავზე ფასდაკლების გამო ვარაუდობდნენ, მაგრამ სექტემბრის მაჩვენებელი იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ამას Bloomberg-ის ეკონომისტების გამოკითხვა აჩვენებდა. ანალიტიკოსები ინფლაციის 10.2%-იან ზრდას ელოდნენ. 

გერმანიის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რამაც შესაძლოა, ინფლაციის მაჩვენებელი შეამციროს. კანცლერ ოლაფ შოლცის ადმინისტრაცია ამ ინიციატივისთვის მინიმუმ 150 მილიარდ ევროიანი სესხის აღებას გეგმავს.

სამომხმარებლო ფასების დაჩქარების მასშტაბები თავსატეხი იქნება ევროპის ცენტრალურ ბანკისთვის (ECB), რომელიც მზარდი ფასების შესაჩერებლად იბრძვის. ბანკის ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ინფლაციური მოლოდინების მოსათოკად და ფასების დონის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად, საპროცენტო განაკვეთები კიდევ გაიზრდება. 

ინფლაციის გასაკონტროლებლად ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-მდე უკვე გაზარდა, მორიგ ზრდას კი ხვალ მოელიან. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჟანა რენდოუ