ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებმა 175,5 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს. 16 000-მდე მევენახის შემოსავალმა კი 174 მილიონ ლარს მიაღწია.
სააგენტოს ცნობით, რეგიონში 102,7 ათას ტონამდე რქაწითელი, 75,5 ათას ტონამდე საფერავი, 4,5 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული.
„ყველაზე დიდი რაოდენობით ყურენი გადამუშავებულია ყვარლის მუნიციპალიტეტში - 47,7 ათასი ტონა, შემდეგია: გურჯაანი - 45 ათასი ტონა, თელავი - 34 ათასი ტონა, სიღნაღი - 20,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 11,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 6,5 ათასი ტონა, ახმეტა - 6,8 ათასი ტონა და საგარეჯო - 3,7 ათასი ტონა.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი. ამ ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 225 საწარმო იყო ჩართული. ყურძნის დღე-ღამური გადამუშავება 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია“, - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება და ამ მიზნით, დაახლოებით 150 მლნ ლარი დაიხარჯება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.