
რამდენიმე დღეა რუსეთიდან მობილიზაციას გაქცეული ადამიანები და, მასთან ერთად, საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია.
Bloomberg ერთ-ერთ ასეთ რუსს თბილისში ესაუბრა. 35 წლის დანიელი გამოცემას ეუბნება, რომ ის საქართველოს დედაქალაქში, მეგობრებთან ერთად, ვლადიკავკაზში დაქირავებული მანქანით მოხვდა, რისთვისაც თითოეულმა 1000 რუბლი ($170) გადაიხადა. საქართველოს საზღვართან დანიელი 10-კილომეტრიან რიგში მოხვდა და გადმოსასვლელად დაახლოებით 24 საათი დასჭირდა.
"არ მჯერა, რომ ეს არის ნაწილობრივი მობილიზაცია", - უთხრა მან Bloomberg-ს.
დანიელს ჯარისკაცის ბარათი აქვს, თუმცა პროგრამისტად მუშაობს. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში არასდროს უმსახურია.
"მაქვს ეს სამხედრო ბარათი, სადაც ნათქვამია, რომ მე ვარ ჯარისკაცი, მაგრამ შესაფერისი ასაკი არ მაქვს. დიახ, ვიცი, რომ ყველანი რეზერვისტები ვართ და ერთ დღესაც დადგებოდა ეს მომენტი, ამიტომაც ვარჩიე აქ წამოსვლა. მათი ტაქტიკაა, რომ პანიკა შეამცირონ და ამბობენ, რომ ეს ნაწილობრივი მობილიზაციაა", - თქვა რესპონდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია ოთხშაბათს გამოაცხადა. სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარნენ რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო სპეციალობებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე მოქალაქეები.
გაწვევისგან თავის არიდების მიზნით, ხალხმა ქვეყნის დატოვება ჯერ კიდევ ოფიციალური განცხადების მოსმენამდე დაიწყო და პროცესი ამ დრომდე გრძელდება. სამხედრო ასაკის მქონე პირები შიშობენ, რომ შესაძლოა, კრემლმა მათ რუსეთიდან გასვლა აუკრძალოს, ამიტომ ცდილობენ, რომ ქვეყანა სწრაფად დატოვონ.
კრემლმა განაცხადა, რომ მოსახლეობის გასვლის შესახებ ინფორმაცია გადაჭარბებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნის მთავრობამ ხალხის დასამშვიდებლად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
პუტინმა 24 სექტემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებს მობილიზაცია გადაუვადდებათ. რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა გუშინ თქვა, რომ თითოეულ საჩივარს "ინდივიდუალურად" განიხილავს და მოსახლეობას ადგილობრივი მთავრობის მიერ მიცემული გარანტიები შეახსენა.
რუსი ადვოკატი, პაველ ჩიკოვი წერს, რომ უშიშროების ფედერალურმა სამსახურებმა, სამხედრო კომისარიატების ბრძანებით, მამაკაცების ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაიწყეს. ამის დასტურად მან ყაზახეთის საზღვარზე სხვადასხვა გადასასვლელი პუნქტებისთვის გადაცემული ორი განცხადების ფოტო გამოაქვეყნა.
საინფორმაციო ვებგვერდი Meduza და დევნილი მაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის მედია ჯგუფი არაიდენტიფიცირებად წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გაწვევის ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე დადგმული რეფერენდუმის შემდეგ, რომლის დასრულება 27 სექტემბერს იგეგმება. საზღვრის გარდაუვალი ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია თებერვალში პუტინის მიერ უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის ბრძანების გაცემის შემდეგ დღეებშიც გავრცელდა, თუმცა მაშინ ასეთი შეზღუდვები არ ამოქმედებულა.
მობილიზაციის გამოცხადებისთანავე მყისიერად გაიყიდა უახლოეს დღეებში პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეისების ბილეთები რუსეთიდან იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს გადაადგილება სავიზო განაცხადის გარეშე შეუძლიათ. ბილეთების ამოწურვის შემდეგ, ახლა განსაკუთრებული რიგები სახმელეთო საზღვრის კვეთის პუნქტებთანაა. საქართველო-რუსეთის საზღვართან რამდენიმეკილომეტრიანი რიგები არ წყდება.
პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის წინააღმდეგ, რუსეთში მცირემასშტაბიანი და გაბნეული საპროტესტო აქციები დაიწყო. OVD-Info-ს მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, კვირა საღამოს საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 35 ქალაქში დაახლოებით 828 ადამიანი დააკავა.
წუხელ შეტაკებები იყო დაღესტანში "ნაწილობრივი მობილიზაციის" წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის. მედიის ინფორმაციით, რუსეთის პოლიციამ 100-ზე ადამიანი დააკავა.
საქართველოს გარდა, რუსეთიდან წასული ადამიანების მობილობა გაიზარდა სხვა მოსაზღვრე ქვეყნებშიც. ორი დღის წინ დაახლოებით 8-კილომეტრიანი რიგი იდგა რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე, რის გადასაკვეთადაც ხალხს 15 საათი მოცდა უწევდათ. ნაკადის გამო, ქირა გაძვირდა ყაზახეთში და ხალხის დინების შენარჩუნების შემთხვევაში, მსგავსი სცენარი შესაძლოა, განვითარდეს ყირგიზეთსა და უზბეკეთში.
23 სექტემბრის მონაცემებით, ფინეთის აღმოსავლეთ სახმელეთო საზღვარზე ყოველკვირეული გადაკვეთის მაჩვენებელი გაორმაგდა და 7 700 ადამიანს მიაღწია. შაბათისთვის ჩასული რუსების რიცხვი 8 572-მდე გაიზარდა, ამასთან, 4 199-მდე ავიდა ფინეთიდან გამსვლელი რუსების მაჩვენებელი.
მონღოლეთი ასევე იუწყება, რომ ქვეყანაში ათასობით პირი შევიდა რუსეთიდან მას მერე, რაც კრემლმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
Kazakh24.info-ს ინფორმაციით, ყაზახეთში, ქალაქ ურალსკში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში განთავსებულმა კინოთეატრმა CinemaPark-მა ჩასულ რუსებს ღამის გათევა საკუთარ კინოდარბაზებში შესთავაზა, რადგან დიდი ნაკადის გამო, ბევრი რუსი საცხოვრებლის გარეშე დარჩა, ბინების ქირის ფასი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია