LIVE

შოიგუ: 300 000 რეზერვისტს გამოვიძახებთ

21 სექ 202210:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 645
შოიგუ: 300 000 რეზერვისტს გამოვიძახებთ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ადასტურებს, რომ ნაწილობრივ მობილიზაციაში სამხედრო გამოცდილების მქონე პირები ჩაერთვებიან. მისი თქმით, რუსეთში 300 000 რეზერვისტის ეტაპობრივი გამოძახება იგეგმება.

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი განცხადებით, შესაბამისი განკარგულება უკვე გაფორმებულია და რუსეთში სამობილიზაციო ღონისძიებები დღეს დაიწყება. 

სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო სპეციალობებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე მოქალაქეები. 

"როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას რუსეთისა და ჩვენი ხალხის დასაცავად", - თქვა პუტინმა ოთხშაბათს სატელევიზიო მიმართვისას.  

მან დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა. 

"მათ, ვინც ცდილობს დაგვაშანტაჟოს ბირთვული იარაღით, უნდა იცოდეს, რომ ქარმა შეიძლება ის მათივე მიმართულებით შეაბრუნოს", ამბობს პუტინი.  

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას პასუხი გაეცემა. 

"რუსეთი იმაზე მეტად გარიყული გახდება მსოფლიოში, ვიდრე ოდესმე. ის, რას გააკეთებენ ისინი, განსაზღვრავს მათ ქმედებაზე რეაგირებას", - განაცხადა ბაიდენმა.

პუტინის მუქარას წინ უძღვის უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და რუსეთის ჯარების ყველაზე მძიმე დამარცხებაა. უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 10%-ზე მეტი დაიბრუნა. 

კრემლი დიდი ხანია იკავებდა თავს მობილიზაციის გამოცხადებისგან, მაგრამ ბრძოლის ველზე ბოლო დანაკარგებმა ხაზი გაუსვა ადამიანური ძალის ნაკლებობას. 

დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონის ოლქის  რუსეთთან შეერთების საკითხზე კენჭისყრა 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი შეერთებასთან დაკავშირებით მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 

უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა დაგეგმილი კენჭისყრა დაგმეს და პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ ბრძოლას იმ მიწების დასაბრუნებლად, რომლებიც მოიცავს დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპორიჟიას რეგიონების ნაწილებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია