LIVE

ქვეყნიდან გაქცეული რუსების გამო, საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშაა

23 სექ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1207
ქვეყნიდან გაქცეული რუსების გამო, საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშაა

არ მინდა, მოვკვდე“, „ომი ყველას სახლში შეიჭრა“, "მირჩევნია, წავიდე, ვიდრე ვიბრძოლო", „ამაღამ საზღვარს ვტოვებ“ - საერთაშორისო მედია სამხედრო ასაკის მქონე რუსი მამაკაცების ქვეყნიდან გაქცევას დეტალურად აკვირდება. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა საქართველოც, რადგან ის გაქცეულ რუსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. 

რუსეთმა მობილიზაცია, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად მიმდინარე კვირაში გამოაცხადა. გაწვევისგან თავის არიდების მიზნით, ხალხმა ქვეყნის დატოვება ჯერ კიდევ ოფიციალური განცხადების მოსმენამდე დაიწყო და პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

მყისიერად გაიყიდა უახლოეს დღეებში პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეისების ბილეთები რუსეთიდან იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს გადაადგილება სავიზო განაცხადის გარეშე შეუძლიათ. დარჩენილი ფრენების ბილეთის ფასი კი ათასობით ევროს აღწევს. თურქული მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება ცალმხრივი ბილეთების გაყიდვაზე.  

ბილეთების ამოწურვის შემდეგ, ახლა განსაკუთრებული რიგები სახმელეთო საზღვრის კვეთის პუნქტებთანაა.

კრემლი აცხადებს, რომ მამაკაცების ქვეყნიდან გაქცევის შესახებ ინფორმაცია გადაჭარბებულია, მაგრამ BBC წერს, რომ საქართველოს საზღვართან მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი შეიქმნა. მედიის ცნობით, ზოგიერთი, რიგის თავიდან აცილების მიზნით, მეზობელ ქვეყანაში ველოსიპედით ან ფეხით გადადის. 

BBC-ის ჟურნალისტს რესპონდენტები ეუბნებიან, რომ საქართველოს საზღვართან რიგში დგომა, 12 საათზე მეტხანს უწევთ.

გამოცემა წერს, რომ საქართველო ერთ-ერთია რუსეთის იმ მცირე მეზობელთაგან, სადაც რუსებს შესვლა ვიზის განაცხადის გარეშე შეუძლიათ. მაგალითად, ფინეთი, რომელიც რუსეთთან 1300 კილომეტრიან-საზღვარს იზიარებს, სამოგზაურო ვიზას ითხოვს. მიუხედავად ამისა, ხალხის ნაკადი აქაც გაზრდილია, თუმცა სიტუაცია მართვადია. ამასთან, ფინეთი მათი შესვლის აკრძალვას განიხილავს. 

”მესმის ხალხის იმედგაცრუების. მე ვესწრებოდი ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას, როცა პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, მაგრამ ხელისუფლება ყველას უბრალოდ აპატიმრებს“, - უთხრა  The Guardian-ს 26 წლის IT სპეციალისტმა, რომელიც საქართველოში ვლადიკავკაზის გავლით მოდის. 

Reuters-ის ინფორმაციით, სოციალური მედიის ჯგუფებში ქვეყნდება რჩევები, თუ როგორ უნდა დატოვონ რუსეთი, ხოლო ერთ-ერთმა საინფორმაციო საიტმა რუსულ ენაზე გამოაქვეყნა სია - „სად უნდა გაიქცეთ ახლა რუსეთიდან“. 

ბალტიის ქვეყნებმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ გაქცეული რუსებისთვის თავშესაფრის მიცემაზე უარი განაცხადეს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ მიანიშნა, რომ ქვეყანამ ისინი უნდა მიიღოს. ნენსი ფეიზერის თქმით, დეზერტირებს, რომლებსაც „მკაცრი რეპრესიები“ ემუქრებათ, ინდივიდუალური განხილვისა და უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, მიიღებენ. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა 90 დღით შეეძლოთ, თუმცა 2015 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ეს ვადა 365 დღემდე გაიზარდა