LIVE

პირდაპირ ფრენებზე ბილეთები სრულად გაიყიდა - რა ხდება რუსეთში პუტინის განცხადების შემდეგ

21 სექ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1085
პირდაპირ ფრენებზე ბილეთები სრულად გაიყიდა - რა ხდება რუსეთში პუტინის განცხადების შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით, მოსკოვიდან პირდაპირი რეისების ბილეთები სრულად გაიყიდა. ამის შესახებ Reuters რუსეთში ავიაბილეთების ყველაზე პოპულარულ ვებგვერდზე, Aviasales-ზე დაყრდნობით წერს. ეს ის ადგილებია, სადაც რუსებს გადაადგილება უვიზოდ შეუძლიათ.  

Reuters ასევე წერს, რომ ბილეთები ხელმისაწვდომი არ იყო ზოგიერთ არაპირდაპირ მარშრუტზე, მათ შორის, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენებზე. ყველაზე იაფი მიმართულებების, მაგალითად, მოსკოვი-დუბაის რეისზე, ფასი 300,000 რუბლამდე ($5000) გაიზარდა, რაც რუსეთში საშუალო თვიურ ხელფასს 5-ჯერ აღემატება.

მოსკოვი-სტამბოლის რეისზე Turkish Airlines-ის ყველა ბილეთი კვირამდე დაჯავშნილი ან ხელმიუწვდომელია. Google Flights-ის მონაცემების თანახმად, თურქეთის მიმართულებით ერთი გზის ბილეთის ფასი 70,000 რუბლამდე ($1,150) გაიზარდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ ის 22,000 რუბლი ღირდა.

Aeroflot აცხადებს, რომ ბილეთების გაყიდვას არ ზღუდავს.

Google Trends-ის მონაცემები აჩვენებს, რომ საძიებო სისტემაში Aviasales-ის ძიებაც გაიზარდა. 

ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო lenta.ru-ც ავრცელებს. 

 

გაზრდილმა მოთხოვნამ ფასზეც იმოქმედა. ჰოპკინსის ინსტიტუტის ინტერდისციპლინური თანამშრომელი Twitter-ზე წერს, რომ ავიაბილეთების ფასის ზრდა გუშინ იმ დროს დაიწყო, როდესაც პუტინი სიტყვით უნდა გამოსულიყო.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, პუტინის განცხადების შემდეგ, რუსეთის რკინიგზის ვებგვერდი გაითიშა. 

მოგვიანებით რკინიგზამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყო, რომ სამხედრო ასაკის მამაკაცებს ბილეთების შეძენამდე სამხედრო სამსახურის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი მოეთხოვებათ. 

დღეს, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომელიც "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. ამან გააჩინა შიში, რომ შესაძლოა, სამხედრო ასაკის ზოგიერთ მამაკაცს რუსეთის დატოვების უფლება არ მიეცეს. 

კრემლი არ აკეთებს კომენტარს იმის შესახებ ჩაიკეტება თუ არა საზღვრები იმ პირებისთვის, ვისაც მობილიზაციის ბრძანება ეხება და მოუწოდებს მოსახლეობას, განმარტებამდე მოთმინება იქონიონ. რუსეთის ტურიზმის სააგენტო აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობაზე რამე შეზღუდვა არ ამოქმედებულა.

პუტინის განცხადებას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუსაუსკასი, Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების გამო, სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში ჰყავს.  

"იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ჩვენს საზღვრებთანაც (კალინინგრადის რეგიონი) განხორციელდება, ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთიდან მომდინარე ნებისმიერი პროვოკაცია", - წერს ანუსაუსკასი. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსები ქვეყანას აქტიურად ტოვებენ. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-აგვისტოს პერიოდში, საქართველოს საზღვარი 796 638 რუსმა გადმოკვეთა, წლიური ზრდა 413%-ია. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 228 000-ზე მეტ რუს ვიზიტორს საქართველო ჯერ არ დაუტოვებია.